რა თანხა შედის ბიუჯეტში ავტომობილების აქციზიდან - სტატისტიკა
ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს ავტომობილების განბაჟების აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში 328.7 მილიონი ლარი შევიდა, რაც 171 787 ავტომობილის განბაჟების საფასურს წარმოადგენდა. შესაბამისად, ერთი ავტომობილის აქციზის გადასახადი გასულ წელს საშუალოდ 1913 ლარს შეადგენდა.
გასულ წლებში ავტომობილების აქციზიდან ბიუჯეტში შესული თანხები ასე ნაწილდება:
- 2025 წელი: 328,677,191 ლარი
- 2024 წელი: 283,281,213 ლარი
- 2023 წელი: 335,054,361 ლარი
- 2022 წელი: 223,145,037 ლარი
- 2021 წელი: 185,373,042 ლარი
- 2020 წელი: 139,873,119 ლარი
- 2019 წელი: 117,643,022 ლარი
- 2018 წელი: 123,266,233 ლარი
- 2017 წელი: 108,825,743 ლარი
- 2016 წელი: 110,583,071 ლარი
- 2015 წელი: 117,236,010 ლარი.
ცნობისთვის, საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, 1 აპრილიდან გაძვირდება როგორც 6 წლამდე, ასევე 6 წელზე უფრო ძველი ავტომობილების განბაჟების თანხა. ცვლილება, მისი ავტორების განცხადებით, მიზნად ისახავს ავტომობილების იმპორტის მოცულობის შემცირებას, რამაც ქვეყანაში ავტოპარკის ზრდის ტემპი უნდა შეანელოს.
უფრო დეტალურად, აქციზის განაკვეთები ასე გადანაწილდება:
- 1 წლამდე ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
- 1 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
- 2 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
- 3 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.4 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 7%;
- 4 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.2 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 25%;
- 5 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 50%;
- 6 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 0.8 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 88%;
- 6 წლის და მეტი ავტომობილები - მოქმედია 0.8 ლარი; იქნება 4.5 ლარი, მატება 560%.
შესაბამისი კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებების მიზანია ავტოპარკის განახლების ხელშეწყობა და გარემოზე ზემოქმედების შემცირება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი 6 წელზე მეტი ასაკისაა, რაც უარყოფითად აისახება ჰაერის ხარისხზე, საგზაო უსაფრთხოებასა და ენერგოეფექტიანობაზე. ავტორების შეფასებით, მოქმედი დაბეგვრის სისტემა ვერ ქმნის საკმარის სტიმულს შედარებით ახალი ავტომობილების იმპორტისთვის.
ამასთან, განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ აქციზის გაზრდამ, შესაძლოა, შეამციროს 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი, თუმცა იმპორტიორთა ნაწილის უფრო ახალ ავტომობილებზე გადართვის შემთხვევაში, ბიუჯეტში შემოსავლების შემცირება შესაძლოა დაბალანსდეს.
მიუხედავად ამისა, დოკუმენტში არ არის წარმოდგენილი კონკრეტული პროგნოზი, თუ რა მოცულობის - რამდენი მილიონი ლარის გავლენა ექნება ცვლილებებს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილზე.