ჩინეთი, გაყიდვები, ელექტრომობილები, ტესლა, ბიუაიდი
Aa
Aa

ჩინეთში წარმოებული Tesla-ს ელექტრომობილების გაყიდვები 40%-ით გაიზარდა

ჩინეთის მსუბუქი ავტომობილების ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ამერიკული კომპანია Tesla-ს მიერ ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილების გაყიდვები მაისში თითქმის 40%-ითაა გაზრდილი, რაც გარკვეულწილად EV-ების ადგილობრივ ბაზარზე დაფიქსირებული საერთო გამოცოცხლების დამსახურებაა.

CPCA-ს წინასწარი შეფასებით, მასკის კომპანიამ შანხაის გიგაფაქტორიდან (სადაც ადგილობრივი და რამდენიმე საზღვარგარეთული ბაზრისთვის Model 3 და Model Y იწარმოება) მომხმარებელს 85 982 ახალი ელექტრომობილი მიაწოდა. ეს რიცხვი კი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 39.4%-იანი ზრდაა.

CPCA-ს ანგარიშით, მაისშივე, ჩინეთის ადგილობრივმა მწარმოებლებმა შიდა ბაზარზე ერთობლივად 1.36 მილიონი სამგზავრო ელექტრომობილი გაყიდეს. აღნიშნული, წლიურ ჭრილში, 12%-იანი მატების მაჩვენებელია, ხოლო აპრილის მონაცემზე 11%-ით მეტია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ შედეგები ჩინეთის ელექტრომობილების ბაზრის „პირველად აღდგენაზე“ მიუთითებს.

აქვე საინტერესოა რამდენიმე სხვა ავტოგიგანტის მონაცემებიც:

მაგალითად, BYD-მ, Tesla-ს მთავარმა კონკურენტმა, გაყიდვების კლების 8-თვიანი სერია შეწყვიტა და მაისში მომხმარებელს 376 990 ახალი ავტომობილი მიაწოდა — ეს მოიცავს სრულად ელექტრომობილებსა და პლაგ-ინ ჰიბრიდებს.

Leapmotor-ისა და Zeekr-ის გაყიდვები მაისში 80%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო Nio-მ გაყიდვების 62.3%-იანი წლიური ზრდა დააფიქსირა. ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ, 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ახალი ფლაგმანური ელექტრომობილი წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში Tesla-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ტექნოლოგიური სფეროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო ლიდერებს ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისას შეუერთდა. ამ ვიზიტიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ კი, Tesla-მ პლატფორმა X-ზე განაცხადა, რომ ჩინეთში FSD სისტემა ხელმისაწვდომი გახდა. მანამდე ამ ვერსიაზე წვდომა, რეგულატორების ნებართვის მოლოდინში, მხოლოდ მომხმარებელთა შეზღუდულ წრეს ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები