ოქროთი მოპირკეთებული 720 ცხ.ძ-იანი G-Wagen-ი | Mansory-მ უახლესი პროექტი წარადგინა
განახლებულია G-Wagen-ის ძრავაც, რომელიც ახლა 720 ცხენის ძალასა და 1 000 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს.
ალბათ ყველაზე მდიდრული Mercedes-AMG G 63, რომელიც ამ დრომდე გინახავთ, არ გაგიკვირდებათ და ცნობილ ტიუნერს, Mansory-ს ეკუთვნის. გერმანული ავტომწარმოებლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული SUV ახლა თითქმის სრულად ოქროთია მოპირკეთებული, რის გამოც G-Wagen-ის მოყვარულთა ნაწილმა მოდელის ეს ვერსია შესაძლოა უგემოვნოდ და გადაჭარბებულადაც კი შეაფასოს.
ასევე იხილეთ: Mercedes-ის დაბადება, ისტორია რომელმაც შეცვალა სამყარო
მაგრამ, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ რასაც ფოტოებზე ხედავთ, ყველაფერი ოქრო არაა. ტიუნერის უახლეს G-Wagen-ს მქრქალი ოქროსფერი საღებავი ფარავს, ის კი ავტომობილის იმ დეტალებს გადააკრეს, სადამდეც კი ტიუნერების ხელი მიწვდა. ეს მოიცავს ცხაურს, ახალ ჰაერის შემშვებებს, წინა ბამპერის სპოილერსა და აგრესიული დიზაინის კაპოტს.

იმავეს თქმა შეგვიძლია Mercedes-ის გვერდითა კალთებზეც. შთამბეჭდავი ძარას ტიუნინგ-პაკეტით გერმანულ SUV-ს უკვე აქვს წინა და უკანა ბორბლებისთვის გაფართოებული თაღები, უნიკალური გამონაბოლქვი მილები და სათადარიგო ბორბლების კომპლექტი, რომლებიც ძარას მსგავსად მქრქალი ოქროსფერია. თვალშისაცემია ავტომობილის უკანა ნაწილიც — სახურავზე სპოილერით, ახალი სათადარიგო ბორბლის საფარითა და ბამპერით, რომელშიც დამატებით ორი LED-მაშუქია ინტეგრირებული.

მიუხედავად იმისა, რომ G-Class-ის ოქროსფერი ექსტერიერი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ინტერიერზე შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ ბევრად უფრო მოკრძალებულია, ვიდრე Mansory-ს სხვა ბოლოდროინდელი პროექტები. კაბინა, კაშკაშა ფერის ტყავით მოპირკეთების ნაცვლად, კრემისფერ ნაზ ტონალობაშია, რაც საკმაოდ ელეგანტურადაც გამოიყურება. თუმცა ვერ გამოვრიცხავთ, რომ ტიუნერმა დიზაინში ისეთი ელემენტებიც შემოგვაპაროს, როგორიცაა „ვარსკვლავური ცის“ ეფექტი და ა.შ.

Mercedes-AMG G 63 არასდროს ყოფილა ავტომობილი, რომელიც სიმძლავრის ნაკლებობას უჩიოდა, თუმცა Mansory-მ ხელი ძრავის განყოფილებას მაინც შეავლო. 4-ლიტრიანი ტვინ-ტურბო V8 ძრავა ახლა 720 ცხენის ძალასა და 1 000 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს, რაც P720-ის სამკერდე ნიშანსაც ხსნის.