ჩინური ელექტრომობილები, სერესი, ტიკტოკი
Aa
Aa

საავტომობილო ინდუსტრიაში TikTok-ის შემქმნელებიც შემოდიან

ჩინური საავტომობილო ინდუსტრია კვლავ აგრძელებს ტრადიციული საზღვრების მსხვრევას და ამჯერად ტექნოლოგიური გიგანტებისა და ავტომწარმოებლების კოლაბორაცია სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. კომპანია Seres-ი, რომელიც დასავლეთში ბევრისთვის უცნობია (თუმცა ათი წლის წინ სილიკონის ველზე დაარსდა, როგორც SF Motors, სანამ რებრენდინგს განიცდიდა და ჩინეთში დამკვიდრდებოდა), მასშტაბური ტრანსფორმაციის პროცესშია.

კომპანიამ ოფიციალური პარტნიორობა გააფორმა ByteDance-თან — კომპანიასთან, რომელიც მსოფლიომ TikTok-ის წყალობით გაიცნო. მათი ერთობლივი მიზანი სრულიად ახალი, ხელოვნური ინტელექტით მართული ავტომობილის შექმნაა.

ეს არ იქნება „ტიკტოკ-მობილი“

სანამ წარმოიდგენდეთ ავტომობილს, რომელიც მთლიანად TikTok-ის სიმბოლიკით იქნება აჭრელებული და მონიტორებზე ვიდეოების უსასრულო სქროლვის ფუნქცია ექნება, რეალობა უნდა დავაზუსტოთ — პარტნიორობა სულ სხვა ხასიათისაა. Seres-ი ByteDance-ის ღრუბლოვან სისტემასა და ხელოვნური ინტელექტის პლატფორმას გამოიყენებს, რომელიც Volcano Engine-ის სახელითაა ცნობილი.

პროექტი განხორციელდება ახალი სუბბრენდის, Saidou Technology-ს ფარგლებში, რომელიც Seres-მა ბაზარზე წარუმატებელი და ბიუჯეტური Landian-ის ჩასანაცვლებლად შექმნა. ახალმა კომპანიამ უკვე მოიზიდა $1 მილიარდთან მიახლოებული ინვესტიცია. აქედან 34.5%-იან წილს ჩონცინის რეგიონული მთავრობის ფონდი ფლობს, დანარჩენი კაპიტალი კი ჩინური ინდუსტრიის გიგანტებმა გადაინაწილეს, მათ შორის ელემენტების უმსხვილესმა მწარმოებელმა, CATL-მა, Bojun Technology-მ და Xingyuu Shares-მა.

ინსაიდერული ინფორმაციით, პირველი მოდელი იქნება დახვეწილი, სპორტული ქროსოვერი, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილი იქნება როგორც ელექტრომობილი, სადაც ბენზინის მცირე ძრავა მხოლოდ გენერატორის ფუნქციას ასრულებს ელემენტების დასამუხტად.

მთავარი აქცენტი მაქსიმალურად ციფრულ და AI-ზე დაფუძნებულ გამოცდილებაზე გაკეთდება — თუ Seres-ის მეორე ცნობილი ბრენდი, Aito, მთლიანად Huawei-ს ტექნოლოგიებს ეყრდნობა, Saidou ბრენდის ავტომობილები ByteDance-ის Volcano Engine-ის ბაზაზე შექმნილ მულტიმედიურ კაბინასა და დიდ ენობრივ მოდელებს (LLM) გამოიყენებენ. ეს ხელოვნური ინტელექტი იქნება ავტომობილის ტვინი, რომელიც მძღოლთან ინტერაქციასა და სისტემების მართვაზე აგებს პასუხს.

CarNewsChina-ს ექსპერტების აზრით, ავტომობილი პირდაპირ იქნება ფოკუსირებული ტექნოლოგიების მოყვარულებისა და ზოგადად ახალგაზრდა თაობის მოთხოვნებზე.

საინტერესოა, რომ ByteDance-ის საავტომობილო ამბიციები მხოლოდ Seres-ით არ შემოიფარგლება. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო გიგანტ SAIC-ის მფლობელობაში არსებულმა ბრენდმა, Roewe-მ, ასევე დაიწყო პარტნიორობა Volcano Engine-თან, რისი პირველი დემონსტრაციაც 5-ადგილიან მოდელში, Jia Yue 07-ში ვიხილეთ.

როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია, რომ სოციალური ქსელებისა და ალგორითმების მეფემ, ByteDance-მა, ავტომობილის სალონში უფრო კომფორტული და ჭკვიანი გარემო შექმნას, ვიდრე ამას ტრადიციული საავტომობილო ბრენდები აკეთებენ?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები