G-Wagen ფორმულა 1-ის სტილში | €90 000-იანი პაკეტი, რომელიც მოიცავს ყველაფერს, გარდა თავად „გელენდვაგენისა“
G-Wagen-ის უახლესი განახლება Formula 1-ის სტილშია შემოთავაზებული და მოიცავს ყველაფერს, თავად ავტომობილის გარდა.
ისეთი ულტრაკლასის ავტომობილები, როგორებსაც Bugatti, Rolls-Royce და Mercedes-Maybach-ი აწარმოებენ, თავიანთი საკულტო ორფეროვანი ექსტერიერით ყოველთვის შთამბეჭდავად გამოიყურებიან. ნუ, ყოველ შემთხვევაში, თითქმის ყოველთვის...
ასევე იხილეთ: Mercedes-ის დაბადება, ისტორია რომელმაც შეცვალა სამყარო
საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში ახალი ფოტოები გავრცელდა, რომლებმაც შესაძლოა დაგვაფიქროს, რომ ეს ექსტრავაგანტური სტილი რეალურად ყველა მოდელს ისე იდეალურად არ უხდება, როგორც ჩვენ წარმოგვედგინა. მაგრამ სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ამ G63-ზე ეს დიზაინი ცუდადაც არ გამოიყურება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი ფასი მისაღები იყოს.

ცნობილმა ტიუნერმა, Larte Design-მა, Mercedes-AMG G63-ისთვის ახალი პროექტი — „ფერების პროგრამა“ წარადგინა. ფოტოები, რომლებსაც თავადაც ხედავთ, ჯერ მხოლოდ წინასწარი რენდერებია, თუმცა საკმაოდ დეტალურია და ნათლად გვიჩვენებს, თუ რას გეგმავს ტიუნინგ-კომპანია. პროექტი, რომლის შთაგონების წყარო, სავსებით შესაძლებელია, რომ Mansory იყოს, ორფეროვან, ფირუზისფერ და შავ ექსტერიერს და, მასთან ერთად, კარბონის ფერად დეტალებს გვთავაზობს.

Larte Design-ის განცხადებით, მათი ახალი პროგრამა შესაძლებლობას იძლევა, კლიენტთა მოთხოვნების შესაბამისად, ნებისმიერი ფერი შეიქმნას და ავტომობილს მოერგოს. ეს კონკრეტული ვერსია კი, როგორც ჩანს, Mercedes-AMG Formula 1-ის გუნდის ბოლიდითაა შთაგონებული. კერძოდ, ამ „გელენდვაგენის“ კაპოტი, უკანა პანელები და საბარგულის ნაწილი შავ ფერშია, ხოლო ძარას დარჩენილი ნაწილი, მათ შორის, წინა ბამპერის ქვედა ნაწილი და კარები — მკვეთრ ფირუზისფერში.
ამავე ფერშია შეღებილი კარბონის რამდენიმე დეტალი, რომელთა დანახვაც ავტომობილის დათვალიერებისას მარტივად შესაძლებელია. მათ შორისაა სათადარიგო ბორბლის საფარი, სახურავზე დამაგრებული სპოილერი, წინა სპლიტერი და უკანა დიფუზორი. შესაძლებელია ითქვას, რომ ყველაზე თვალშისაცემი მაინც კაპოტია, სადაც სტანდარტული შავი კარბონი თანდათანობით ფირუზისფერ კარბონში გადადის.

Mercedes-ი დამატებით Larte-ს Winner-ძარის პაკეტითაა აღჭურვილი. გამოდის, რომ ეს გერმანული მოდელი ბევრად უფრო აგრესიული დიზაინისაა, რაც მისი მცირედით შეცვლილი წინა და უკანა ბამპერების, ბორბლების თაღებისა და კაპოტის დამსახურებაა. ასევე დამატებულია დისკების ნაკრები, რომელიც შავი და ფირუზისფერი ელემენტებითაა გაფორმებული.

მისი შეძენა იაფი არ დაგიჯდებათ: საბაზისო პაკეტი, რომელიც 23-დუიმიან დისკებს მოიცავს, დაახლოებით 44 000 ევრო ღირს. თუმცა ეს უკანასკნელი მხოლოდ ერთ ფერშია შემოთავაზებული. მათ, ვისაც ფერების ინდივიდუალური კომბინაცია სურთ, სულ მცირე 74 000 ევრო უნდა გადაიხადონ, ხოლო შესაბამისი ინტერიერი ფასს 90 000 ევრომდე ზრდის.
აქვე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ეს ასტრონომიული ფასები მხოლოდ ტიუნინგის ღირებულებას მოიცავს. Mercedes-AMG G 63-ის ფასი ამაში არ შედის. ის თავად დამკვეთმა უნდა მიიყვანოს ატელიეში ან, თქვენი სურვილით, მის შეძენაზე Larte Design-ი იზრუნებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამაშიც დამატებითი თანხა უნდა გადაიხადოთ.