მოჰავეს უდაბნოში Volkswagen-ისა და Audi-ს 350 000-მდე მიტოვებული ავტომობილი განისვენებს | რა ბედი ელით მათ?
მოჰავეს უდაბნოში, სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე, რომელსაც „დიზელგეიტის სასაფლაო“ შეარქვეს, Volkswagen-ისა და Audi-ს მარკის 350 000-მდე მიტოვებული ავტომობილი დგას. ამ უზარმაზარ ავტოსადგომზე მანქანები თითქმის უკვე 10 წელია, რაც განისვენებენ და გამოსავალიც თითქოს არსად ჩანს.
ბუნებრივია, ის სურათი, რომელსაც ვხედავთ, ბევრ კითხვის ნიშანსაც აჩენს. მაგალითად, თუ როგორ აღმოჩნდნენ ავტომობილები უდაბნოში, ანდაც უფრო საინტერესო ის კითხვაა, თუ რა ბედი ეწევათ ამ ავტომობილებს მომავალში.

ცნობისთვის, გერმანული მარკის ავტომობილები აქ 2015 წელს, გამონაბოლქვზე ატეხილი სკანდალის, ე.წ. დიზელგეიტის დროს გადაიყვანეს. აშშ-ის გარემოსდაცვის სააგენტომ Volkswagen Group-ს — რომლის კონტროლქვეშ Volkswagen-ის მარკის გარდა Audi-ც შედის — დარღვევის შესახებ ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა.
სააგენტომ დაადგინა, რომ ავტომობილები დასაშვებზე 40-ჯერ მეტ აზოტის ოქსიდს გამოყოფდნენ. გამომდინარე აქედან, Volkswagen Group-ი იძულებული გახდა ზომები დაუყოვნებლივ მიეღო და ამერიკელი მომხმარებლებისგან ავტომობილების უკან გამოსყიდვის პროცესი დაიწყო. „კანონდამრღვევ“ ავტომობილთა დაბრუნება კი გერმანულ ავტომწარმოებელს დაახლოებით 7.4 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა.

გამოსყიდული ავტომობილების განსათავსებლად ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით 37 სპეციალური საცავი შეიქმნა — მათ შორის მოჰავეს უდაბნო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და თან გამოსადეგი ლოკაცია იყო. მშრალი კლიმატი ავტომობილების დაჟანგვის პროცესსა და კოროზიას ხელს უშლის, რაც ავტომობილებს ფუნქციონირების პერიოდს უხანგრძლივებს. თუმცა ამის შემდგომ 10 წელზე მეტი გავიდა, მოჰავეს უდაბნოში მდგარი ავტომობილების ფოტოები კი სოციალურ ქსელში გავრცელდა და, რა თქმა უნდა, ბევრი კრიტიკოსიც გამოჩნდა. მათი ნაწილი ამტკიცებდა, რომ ავტომობილები უდაბნოში „ლპობისთვის იყო განწირული“.

რა ბედი ელის ავტომობილებს?
რეალურად, Volkswagen-ის თანამშრომლები ავტომობილებს რეგულარულად ამოწმებენ და ტექნიკურ სერვისსაც უტარებენ. მიზანი მათი დროებითი შენახვა იყო მანამ, სანამ მარეგულირებელი ორგანოები ავტომწარმოებელზე პროგრამული და ტექნიკური ხარვეზების გამოსწორების ნებართვას გასცემდნენ.მოჰავეს უდაბნოში გაჩერებული ავტომობილების ნაწილი წარმატებით შეკეთდა და ხელახლა გაიყიდა კიდეც.
თუმცა ასობით მანქანა, რომლის შეკეთებაც გერმანულმა კომპანიამ ფინანსურად წაგებიანად შეაფასა, დაშალეს და გადაამუშავეს. შედეგად, მოჰავეს უდაბნოს „მანქანების სასაფლაო“ ნელ-ნელა ცარიელდება, თუმცა ეს ისტორია ალბათ Volkswagen-ს რთული პერიოდის გასახსენებლად კიდევ დიდხანს გაჰყვება.