აშშ-ის ყოფილი პირველი პირი Corvette C2-ით ჯეი ლენოს ავტოფარეხს კიდევ ერთხელ ესტუმრა
ფრენკ სინატრას ერთ-ერთ ინტერვიუში უთქვამს, რომ ზოგიერთი სიმღერა უბრალოდ ნოტების ერთობლიობა კი არა, განვლილი ცხოვრების ანაბეჭდიაო. Jay Leno’s Garage-ის უახლეს ეპიზოდში, სადაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საკუთარი 1967 წლის Chevrolet Corvette Sting Ray-ს საჭესთან ჯდება, ზუსტად იგივე განცდა გეუფლება — ეს არ არის პოლიტიკოსის მორიგი პიარ-სვლა თუ კამერების წინ პოზირება — ეს ნამდვილი, ძირძველი ავტოენთუზიასტია.
ასევე იხილეთ: 7 „ვიდიანი" მანქანა, რომელიც სინამდვილეში ნამდვილი კოშმარია!
მომენტი, როდესაც ექსპრეზიდენტი მაღალ სიჩქარეზე მეორე გადაცემაში მკვეთრად „აგდებს“, კორვეტი კი მრისხანედ ღრიალებს, ყოველგვარ ეჭვს აქარწყლებს. ჩვენ წინაშე გათამაშებული სცენა კი არა, ორ ნამდვილ ავტოჰოლიკს შორის გამართული გულწრფელი საუბარია, რომლებმაც ზუსტად იციან თითოეული დეტალის ფასი.
ბაიდენი ამ კორვეტზე ათწლეულებია საუბრობს, თუმცა თავად ეს მანქანა ცალკე კულტურული ფენომენია. კოლექციონერებისთვის უზადო მდგომარეობაში შენახული 1967 წლის Sting Ray ამერიკული საავტომობილო ისტორიის წმინდა გრაალია. მისი ხილვა მოძრაობაში — თანაც არა ავტოსადგომზე ნებივრობისას, არამედ რეალური მართვის რეჟიმში — ზუსტად ისაა, რის გამოც ჯეი ლენოს შოუს მაყურებელი არ აკლდება.
1967 წლის Sting Ray, რომელიც ლენოს შოუში ვიხილეთ, პირველი და ერთადერთი მფლობელის მთელი ცხოვრების ისტორიას ინახავს. თითქმის 60 წლის კორვეტისთვის ეს ფენომენალური, თითქმის დაუჯერებელი მოცემულობაა. ასეთი ავტომობილების ფასი აუქციონებზე ექვსნიშნა ციფრებს მარტივად სცდება, რადგან მათ აქვთ ისტორია, რომლის რესტავრაციით თუ ასლებით გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია. ეს ეგზემპლარი კი იდეალურად გამოიყურება: კადრებში ჩანს სუფთა ვიზუალი — ხანგრძლივი, ფაქიზი მოვლისა და პატრონობის შედეგი და არა გუშინ დასრულებული რესტავრაცია.
რატომ დგას 1967 წლის Sting Ray C2 იერარქიის მწვერვალზე?
Corvette-ის C2 თაობა 1963-დან 1967 წლამდე იწარმოებოდა და მისი ფინალური წელი საყოველთაოდ მიჩნეულია ამ მოდელის ევოლუციის პიკად. Chevrolet-ის ინჟინრებმა დახვეწეს ძარა, მოაწესრიგეს დაკიდების სისტემა და მომხმარებელს შესთავაზეს ძრავების ისეთი გამა, რომელიც საბაზისო, 300-ცხენისძალიანი 327 Small-block-იდან იწყებოდა და ლეგენდარული L88-ით გვირგვინდებოდა.

ღია ძარა ამ ავტომობილს კიდევ უფრო მეტ ხიბლსა და ექსკლუზიურობას სძენს. კუპე ვერსიის C2-ები შედარებით ხშირად გვხვდება, თუმცა როდსტერები, თანაც ასეთ მდგომარეობაში — თითქმის არა. კოლექციონერებმა დიდი ხანია იციან, რომ 1967 წლის მოდელის, ღია ძარისა და დოკუმენტირებული ისტორიის კომბინაცია ქმნის ავტომობილს, რომლის ფასიც სულ სხვა კატეგორიით იზრდება, ვიდრე იმ ეპოქის ნებისმიერი სხვა წარმომადგენლისა.
ამერიკის 46-ე პრეზიდენტის კავშირი ამ კორვეტთან გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე მისი პოლიტიკური კარიერის რომელიმე მნიშვნელოვანი ეტაპი. ის წლების განმავლობაში, საჯარო გამოსვლებისას, ხშირად ახსენებდა ამ მანქანას და ყოველთვის ისეთი სპეციფიკური, ცოცხალი დეტალებით საუბრობდა — წელი, ფერი, მართვის ხასიათი — რაც მხოლოდ ნამდვილ ავტომოყვარულს ახასიათებს და არა პოლიტტექნოლოგების მიერ დაწერილ შაბლონურ ტექსტებს.

Corvette-ის კოლექციონერებისა და C2-ის თაყვანისმცემლებისთვის ამ ეპიზოდის ნახვა თავიდან ბოლომდე ნამდვილი სიამოვნებაა — არა საჭესთან მჯდომი ცნობილი სახის, არამედ თავად იმ ლეგენდის გამო, რომელსაც ეს საჭე მართავს.