გზების რეაბილიტაცია, თბილისის მერია, რუსთაველის გამზირი
Aa
Aa

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი კიდევ ერთხელ გამოცხადდა

რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი ახლიდან გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ ქალაქის მთავარი გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე წინა ტენდერი აპრილში გამოცხადდა, თუმცა შესყიდვა არ შედგა. მაშინ მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 16 780 886 ლარი იყო.

რაც შეეხება 15 ივნისს ახლიდან გამოცხადებულ ტენდერს, დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი, მათ შორის, გულისხმობს გამზირის მთელ სიგრძეზე ველობილიკის მოწყობას, ასევე დაგეგმილია ახალი სახანძრო ჰიდრანტების მოწყობაც.

ასევე იხილეთ: რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მაისის შუა რიცხვებიდან იგეგმება

„ტექნიკური დავალების მიხედვით და დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, პროექტით გათვალისწინებულია გზის მარჯვენა მხარეს მთელ სიგრძეზე ველობილიკის მოწყობა, რომლის გეომეტრიული პარამეტრები და ადგილმდებარეობა გეგმაში შეთანხმებულია დამკვეთთან. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ახალი სახანძრო ჰიდრანტების მოწყობა, სულ 16 ცალი, რომელიც დაერთდება არსებულ წყლის მილებს, ხოლო მათი ადგილმდებარეობა შეთანხმებულია შესაბამის სამსახურებთან“, — ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

სატენდერო პირობების თანახმად, ჯამში, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 19 954 650 ლარია. აღსანიშნავია, რომ შესყიდვა სამ ნაწილად გამოცხადდა და სხვადასხვა მონაკვეთს მოიცავს. კერძოდ:

  • ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 981 840 ლარია;

  • სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 842 569 ლარია;

  • თ. ჭოველიძის ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ „მერანამდე“ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 130 241 ლარია.

სატენდერო პირობების მიხედვით, წინადადებების მიღება 23 ივნისს დაიწყება და 26 ივნისს დასრულდება.

წყარო - bpn.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები