ჰიპერქარი, უკან გაწვევა, ასტონ მარტინი, ასტონ მარტინი ვალკირი
Aa
Aa

Aston Martin-ის $3.5-მილიონიანი ჰიპერქარი შესაძლოა აალდეს, თუმცა ამისთვის ეს სამი პირობა უნდა შეასრულოთ

ბრიტანული წარმოების ჰიპერქარი, Aston Martin Valkyrie, რომლის ღირებულებაც 3.5 მილიონ დოლარს აღწევს, ამერიკის შეერთებული შტატების უკან გაწვევის პროგრამაში მოხვდა. მიზეზი საკმაოდ უცნაური და სპეციფიკურია — ჰიპერქარი შესაძლოა აალდეს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ რამდენიმე პირობას ერთდროულად შეასრულებთ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ 51 ერთეული Valkyrie-ა, თუმცა უკან გაწვევა მხოლოდ 7 ეგზემპლარს შეეხება — კერძოდ იმ მოდელებს, რომლებიც ქარხნულად, ე.წ. „ტრეკის დაკიდების სისტემით“ არიან აღჭურვილნი.

ასევე იხილეთ: რა არის „რიქოლი“ და რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

Aston Martin-ის განმარტებით, დეფექტი მუხრუჭის მთავარ ცილინდრში მოთავსებულ ერთ-ერთ მამჭიდროებელს უკავშირდება. მაღალი დატვირთვისას ეს ნაწილი დეფორმირდება, რის შედეგადაც, მას შემდეგ, რაც მძღოლი სატერფულიდან ფეხს იღებს, შესაძლოა სამუხრუჭე სითხე უკან, ავზაკში ვეღარ დაბრუნდეს.

ამის შემდგომ კი უკვე ყველა პროცესი ერთმანეთს მიჰყვება: მუხრუჭებში წნევა პიკს აღწევს, ხუნდები დისკებს ეჭიდება, ტემპერატურა იზრდება. სისტემის ზედმეტად გადახურების შემთხვევაში კი, უკანა მუხრუჭების კარბონისგან დამზადებული საგრილებელი მილი აალების წერტილს აღწევს და საბოლოოდ ხანძარს აჩენს.

თუმცა, როგორც Aston Martin-იც აღნიშნავს, ხანძრის საშიშროება მხოლოდ უკიდურესად იშვიათ და სპეციფიკურ გარემოებებში შეიძლება გაჩნდეს. ამისთვის ეს ექვსი პირობა ერთდროულად უნდა იყოს დაცული:

  • ავტომობილი უნდა მოძრაობდეს სარბოლო ტრეკზე.

  • სტაბილიზაციის სისტემა (ESC) გადაყვანილი უნდა იყოს ESP Sport, ESP Track ან ESP Off რეჟიმში.

  • მოსახვევში შესვლისას მანქანის უკანა ნაწილი უნდა მოცურდეს.

  • ძარა ძალიან მკვეთრი კუთხით, გვერდულად უნდა შებრუნდეს — ეს ნიშნავს, რომ ავტომობილმა ბრუნვისა და კორპუსის მოცურების კუთხის კონკრეტულ ზღვარს უნდა მიაღწიოს.

  • გამომდინარე იქიდან, რომ ავტომობილი გვერდულად სრიალებს, მძღოლი ინსტინქტურად საჭეს მოსახვევის საპირისპირო მიმართულებით ატრიალებს. ამ დროს კი სისტემა თვლის, რომ მძღოლი საფრთხეშია და ავტომატურად, წინა ბორბალზე ამუხრუჭებს.

  • მაგრამ, როდესაც მძღოლი მუხრუჭის გამოყენების დროს, ან უშუალოდ მას შემდეგ, აქსელერატორს აჭერს ფეხს, სისტემა იბნევა და უკანა ბორბალსაც უმუხრუჭებს. შედეგად იზრდება წნევა, მუხრუჭები ხურდება და ცეცხლი ჩნდება.

მარტივი ენით რომ ვთქვათ: ეს პრობლემა თავს იჩენს მაშინ, როდესაც ამ ბრიტანული ჰიპერქარით ტრეკზე ძალიან სწრაფად დრიფტაობ, მოცურდები, მანქანის გაჩერებას საჭით შეეცდები და თან არც აქსელერატორს აუშვებ ფეხს. ფაქტობრივად, სტანდარტული მართვის დროს ეს გამორიცხულია.

ცნობისთვის, ეს დეფექტი ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში, Valkyrie-ს პროტოტიპის ტესტირებისას გამოვლინდა. მაშინ ავტომობილის უკანა ფრთას ცეცხლი გაუჩნდა. პრობლემურ ჯგუფში კი 2023 წლის 19 დეკემბრიდან 2024 წლის 20 დეკემბრამდე პერიოდში აწყობილი მოდელები არიან. მფლობელები ოფიციალურ შეტყობინებას უახლოეს მომავალში მიიღებენ, რის შემდეგაც სრულიად უფასოდ გაივლიან შემოწმებას სერვისში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები