საქართველო, საავტომობილო გზები, გზების მშენებლობა, თბილისის შემოვლითი გზა
Aa
Aa

თბილისის შემოვლითი გზის 2 მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა | სად გაივლის ახალი მაგისტრალი

თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მე-4 და მე-5 ლოტების სამშენებლო სამუშაოებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 3 აგვისტოს სრულდება.

უწყების ინფორმაციით, მე-4 ლოტი მოიცავს დაახლოებით, 8.7-კილომეტრიან მონაკვეთს, რომელიც თბილისის შემოვლით გზას ლოჭინის სატრანსპორტო კვანძთან დააკავშირებს. მე-5 ლოტის სიგრძე 10.2 კილომეტრია და თბილისის შემოვლითი გზის სამხრეთ მონაკვეთს წარმოადგენს. აღნიშნული მონაკვეთი E60 საერთაშორისო ავტომაგისტრალს (აზერბაიჯანის მიმართულება) კახეთის გზატკეცილთან დააკავშირებს და შექმნის სწრაფ და უსაფრთხო კავშირს რუსთავს, თბილისის აღმოსავლეთ ნაწილს, აეროპორტსა და ახალ ინდუსტრიულ ზონებს შორის.

სამუშაოების დაწყებიდან მე-4 ლოტის მშენებლობის ვადა 30 თვეს, ხოლო მე-5 ლოტის მშენებლობის ვადა 20 თვეს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდება“, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის შემოვლითი გზა (ნატახტარი/წიწამური - რუსთავი) საერთო ჯამში დაახლოებით 49 კილომეტრის სიგრძისაა და რამდენიმე ლოტად ხორციელდება. პროექტის მე-2 და მე-3 ლოტების მშენებლობისთვის სატენდერო პროცედურები უკვე მიმდინარეობს.

რაც შეეხება კონკრეტულად მე-4 და მე-5 ლოტებს, ის ლოჭინიდან რუსთავამდე გრძელდება. კერძოდ:

მე-4 ლოტის საერთო სიგრძე დაახლოებით, 8.7 კმ-ია. გზის ნაწილი აეროპორტიდან ლოჭინამდე გაფართოვდება 3+3 ზოლამდე, ხოლო დანარჩენი მონაკვეთი ორმხრივი მაგისტრალი იქნება. პროექტის მიხედვით, გზაზე გადაადგილების სიჩქარე 120 კმ/სთ-ს მიაღწევს.

რაც შეეხება მე-5 ლოტს, ის თბილისის შემოვლითი გზის ყველაზე სამხრეთ მონაკვეთს წარმოადგენს, რომელიც დედაქალაქის აღმოსავლეთ მხარეს, ურბანული ტერიტორიის გარშემო გაივლის.

მისი სიგრძე დაახლოებით 10.2 კილომეტრია და სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა უზრუნველყოს რუსთავისა და თბილისის აღმოსავლეთ ნაწილს შორის სწრაფი კავშირი. ტექნიკური პარამეტრების თანახმად, დაგეგმილია არსებული გზის გაფართოება, სადაც მოეწყობა ორმხრივი, ორზოლიანი (თითოეული 3.75 მეტრი) ავტომაგისტრალი. გზის საპროექტო სიჩქარედ 120 კმ/სთ-ია განსაზღვრული.

აღნიშნული მონაკვეთი მოიცავს 3 ორმაგ ხიდს (თითო მიმართულებისთვის) და 3 ერთმაგ ხიდს მეორეხარისხოვან გზებსა და გზაჯვარედინებზე (გადასასვლელები). პროექტის ფარგლებში მოეწყობა 2 მრავალდონიანი გზაგამყოფი კვანძის მოწყობა.

ცნობისთვის, თბილისის შემოვლითი გზა წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E60) მნიშვნელოვან ნაწილს. ის ერთდროულად ემსახურება როგორც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ისე დედაქალაქის სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას. თბილისის შემოვლითი გზა (ნატახტარი/წიწამური - რუსთავი) ჯამში, დაახლოებით 49 კილომეტრია და რამდენიმე ლოტად ხორციელდება. პროექტი შემდეგ ტერიტორიებს მოიცავს: ნატახტარი (წიწამური)-ავჭალის მონაკვეთი; ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთი; აეროპორტი-ლოჭინის უბნის მონაკვეთი; ლოჭინი-რუსთავის მონაკვეთი.

წყარო - bpn.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები