საწვავი, რუსეთი, საწვავის იმპორტი, რუსული ნავთობი
Aa
Aa

რუსეთი ინდოეთიდან ბენზინის იმპორტს იწყებს | ადგილობრივი მედია

რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად გამოწვეული დეფიციტის შესავსებად, რუსეთი ინდოეთიდან დიდი მოცულობით ბენზინის იმპორტის დაწყებას განიხილავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე დღის წინაც გავრცელდა, თუმცა მაშინ ბენზინის მიმწოდებელი სახელმწიფო არცერთ მედიასაშუალებას არ დაუკონკრეტებია. ნათქვამი იყო მხოლოდ ის, რომ რუსეთი საზღვაო გზით ბენზინის იმპორტს მიმდინარე თვეშიც განიხილავდა.

უკრაინის საჰაერო იერიშებმა რუსეთის ენერგოსექტორი საგრძნობლად დააზიანა — შედეგად, გასულ თვეში, მაისში, თექვსმეტი, ხოლო ივნისში დამატებით სულ მცირე ექვსი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მწყობრიდან გამოვიდა. ამან გამოიწვია ის, რომ ქვეყანაში ნავთობის გადამუშავება ბოლო ორი ათწლეულის მინიმუმამდე შემცირდა. Reuters-ის მიერ მოყვანილი მონაცემების თანახმად, წარმოება 25%-ით დაეცა, რამაც შიდა მოხმარების 20%-იანი დეფიციტი წარმოქმნა.

შედარებისთვის, ზაფხულის პიკის თვეებში რუსეთის ეკონომიკური მოთხოვნა ყოველდღიურად 110 000 ტონა ბენზინს აღწევს. დარჩენილი მოქმედი ადგილობრივი ქარხნები კი დღეში მხოლოდ 85 000-მდე ტონას აწარმოებენ. შედეგად, ყოველდღიურ მოხმარებაში რჩება 25 000 ტონა ბენზინის დეფიციტი, რომლის დაბალანსებაც მხოლოდ ბელარუსიდან იმპორტირებული რესურსით შეუძლებელია.

ამ ყოველივეს კი კიდევ უფრო პარადოქსულს ის ფაქტი ხდის, რომ თავად ინდოეთი რუსული ნედლი ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველია — ივნისში რეკორდული, დღიურად 2.66 მლნ ბარელით. ინდოეთი ამ ნავთობს ადგილობრივად ამუშავებს და შემდგომ უკვე პროდუქტის სახით ყიდის. გამოდის, რომ რუსეთი ახლა იძულებულია საკუთარი რესურსი ინდოეთისგან მზა ბენზინის სახით უკანვე იყიდოს.

ასევე იხილეთ: დეფიციტის მოლოდინში, რუსეთი საწვავის იმპორტს იწყებს | Reuters

ცნობისთვის, შექმნილი დეფიციტის გამო, რუსეთის რამდენიმე რეგიონში საწვავის გაყიდვაზე მკაცრი ლიმიტები უკვე დაწესდა — ერთ მანქანაზე მაქსიმუმ 40 ლიტრი გაიცემა, ხოლო სასაზღვრო რეგიონებში პორტატული ავზების შევსება საერთოდ აიკრძალა. Reuters-ის მონაცემებით, საწვავის დეფიციტი უკვე ფიქსირდება რუსეთის 10-ზე მეტ რეგიონში, მათ შორის ოკუპირებულ ყირიმსა და ციმბირის ორ რეგიონში. პარალელურად, მოსკოვმა ბენზინის ექსპორტის სრული აკრძალვა ივლისამდე გაახანგრძლივა, რათა ქვეყნის შიგნით რესურსი მაქსიმალურად შეინარჩუნოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები