ტომ ჰენქსის ყოფილი Mercedes-Benz-ი აუქციონზე იყიდება
ოსკარის ორგზის მფლობელის, ჰოლივუდის ვარსკვლავის, ტომ ჰენქსის კუთვნილი კლასიკური Mercedes-Benz 280 SE 3.5 Cabriolet-ი აუქციონზე გამოვა. ექსპერტთა შეფასებით, ავტომობილის ფასი 375 000 აშშ დოლარიდან 425 000 აშშ დოლარამდე მერყეობს, რაც მის თავდაპირველ ღირებულებას მნიშვნელოვნად აღემატება.
ასევე იხილეთ: რა მანქანებს ფლობდნენ ცნობილი ადამიანები გამდიდრებამდე?
1971 წელს გამოშვებული Mercedes-Benz 280 SE 3.5 Cabriolet-ი იმ პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ და ექსკლუზიურ მოდელად ითვლებოდა. დღეს კი, ამ მოდელის იდეალურ მდგომარეობაში მყოფი ეგზემპლარი, რიგ შემთხვევებში, Rolls-Royce Corniche Convertible-ზე ოთხჯერ ძვირადაც კი გაყიდულა. ამ მოდელს წლების განმავლობაში ისეთი ცნობილი პირები ფლობდნენ, როგორებიც რალფ ლორენი, შერი, როი ორბისონი და ტომ ჰენქსი არიან.

აუქციონის დოკუმენტაციის თანახმად, ამჟამინდელმა მფლობელმა ავტომობილი თავად ტომ ჰენქსისგან 2014 წელს შეიძინა. თუმცა მაშინ ეს გერმანული მოდელი ისეთი იდეალური არ გახლდათ, როგორიც ახლაა. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მიუხედავად კლასიკური ავტომობილების მიმართ დიდი სიყვარულისა, უპირატესობას იმ მოდელებს ანიჭებდნენ, რომლებიც რეგულარული ექსპლუატაციისთვისაც პრაქტიკულია და არა მხოლოდ კოლექციაში შესანახად. სწორედ ამ მახასიათებლით გამოირჩეოდა Mercedes-ის V8-იანი კაბრიოლეტიც, რომელიც საიმედოობით იყო ცნობილი.
Mercedes-Benz-მა 280 SE 3.5 Cabriolet-ი, როგორც W111-ის სერიის ყველაზე დახვეწილი და მძლავრი ვერსია, 1969 წლის აგვისტოში წარადგინა. მოდელის წარმოება 1971 წლის ივლისამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში კი გერმანულმა კომპანიამ მხოლოდ 1 232 ეგზემპლარი დაამზადა. შედეგად, დღესაც ეს მოდელი ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ ავტომობილად ითვლება.

გერმანელებმა 280 SE 3.5 Cabriolet-ი 3.5-ლიტრიანი V8 ძრავითა და Bosch-ის ელექტრონული საწვავის შეფრქვევის სისტემით აღჭურვეს. კაბრიოლეტში მოთავსებული მძლავრი აგრეგატი 230 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 4-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთანაა დაკავშირებული. შედეგად, ის მაქსიმალურ სიჩქარედ 210 კმ/სთ-ს აღწევს, ხოლო 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას დაახლოებით შვიდი წამი სჭირდება. შესაძლოა, ეს მონაცემები ახლა „დიდად აღარ ყვირის“, თუმცა 1970-იანი წლების დასაწყისისთვის ავტომობილს თავის კლასში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ მოდელად აქცევდა.
1971 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე Mercedes-Benz 280 SE 3.5 Cabriolet-ის ღირებულება დაახლოებით 14 000 აშშ დოლარი იყო. ინფლაციის გათვალისწინებით, ეს დღევანდელი 95 000 აშშ დოლარია. თუმცა კლასიკური ავტომობილების ბაზაზე გერმანული კაბრიოლეტის ფასი წლების გასვლასთან ერთად გაიზარდა.

ამჟამინდელმა მფლობელმა ის 2014 წელს შეიძინა და სრული რესტავრაციაც ჩაუტარა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქარხნული ნაწილებით. რესტავრაციის ფარგლებში ძარა სრულად გაიშალა და ქარხნულ, Tobacco Brown-ის ფერში გადაიღება. ინტერიერი ორიგინალი კონფიგურაციის შესაბამისად განახლდა — Cognac-ის ფერის ტყავით, ხის დეკორატიული ელემენტებითა და ქრომირებული დეტალებით. რესტავრაციის დასრულების შემდეგ ავტომობილმა მხოლოდ 1 100 კილომეტრი თუ დაფარა და დღეს პრაქტიკულად უნაკლო მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, მის ღირებულებას ისიც ზრდის, რომ ამ Mercedes-ით ერთ დროს ტომ ჰენქსი გადაადგილდებოდა.
კლასიკურ Mercedes-Benz 280 SE 3.5 Cabriolet-ს აუქციონზე გასაყიდად RM Sotheby's-ი გაიტანს. აუქციონი კალიფორნიის ერთ-ერთ ქალაქში ჩატარდება, თუმცა დახურულ ფორმატში. ექსპერტთა შეფასებით, შესყიდვის პროცესში გერმანული მოდელის საბოლოო ღირებულება შესაძლოა 420 000 აშშ დოლარამდე გაიზარდოს.