რამდენი მანქანა შეეწირა „ფორსაჟის“ გადაღებებს? | „ფორსაჟის“ ავტო-სასაფლაო
ავტოენთუზიასტების ერთ-ერთი საყვარელი ფილმის, Fast & Furious-ის, გადაღებებმა 2 300-ზე მეტი ავტომობილი შეიწირა. რეკორდული მაჩვენებელი კინოს ისტორიაში.
ავტომობილებზე გადაღებული ფილმებიდან Fast & Furious-ის ფრენჩაიზი უდავოდ ყველაზე პოპულარულია. ეს ლეგენდარული ისტორია 2001 წელს — ქუჩის რბოლებზე გადაღებული შედარებით მოკრძალებული ფილმით დაიწყო, თუმცა წლების გასვლასთან და მისი გაგრძელებების გამოსვლასთან ერთად, მრავალმილიარდიან ბლოკბასტერად გადაიქცა. გადაღებებისას კი, ავტომობილები არა მხოლოდ მაღალსიჩქარიანი რბოლებისთვის, არამედ მასშტაბური აფეთქებებისა და სახიფათო ტრიუკებისთვისაც კი გამოიყენებოდა.
ჰოდა, წესით, არც არავის უნდა გაუკვირდეს იმ ავტომობილების რაოდენობა, რაც ჩვენთვის ცნობილი „ფორსაჟის“ გადაღებებს შეეწირა.
ასევე იხილეთ: ყველაზე დაუფასებელი მანქანები Fast and Furious-ში
რა თქმა უნდა, ამ მასშტაბურ სანახაობას თავისი ფასიც ჰქონდა და, ამ შემთხვევაში, ეს ფასი საკმაოდ მაღალიც იყო. საერთო ჯამში, „ფორსაჟის“ გადაღებებისას 2 300-ზე მეტი ავტომობილი განადგურდა და რეკორდიც დამყარდა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთი კონკრეტული ფილმისთვის განადგურებული ავტომობილების რეკორდი მაინც Transformers: Dark of the Moon-ს ეკუთვნის. აღნიშნული ფილმის გადაღებებისას 532 მანქანა განადგურდა.
ასევე დაგაინტერესებთ: ათი ფილმი, რომელთა გადაღებებზეც ყველაზე მეტი მანქანა განადგურდა

რაც შეეხება უშუალოდ Fast & Furious-ს, მის პირველ ფილმში — ეკრანებზე სულ 78 ავტომობილი გაანადგურეს, თუმცა გაგრძელებებთან ერთად მათი რაოდენობაც გაიზარდა. მაგალითად, 2 Fast 2 Furious-მა 130-ზე მეტი ავტომობილი შეიწირა, ხოლო Tokyo Drift-ში, სადაც მთავარი აქცენტი დრიფტზე იყო გაკეთებული, განადგურებული ავტომობილების რაოდენობამ 249-ს მიაღწია.
საინტერესოა ისიც, რომ დღეს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და პოპულარულ ნაწილად მიჩნეული Tokyo Drift-ი თავის დროზე სალაროებში არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. უფრო მეტიც, მან ფრენჩაიზის მომავალიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. თუმცა დაბრუნება ბევრად უფრო მასშტაბური აღმოჩნდა. Fast & Furious-ის შემდეგი ფილმის გადაღებებისას 190-ზე მეტი ავტომობილი გაანადგურეს, შემდეგ გამოვიდა Fast Five და მან უკვე 260 ავტომობილი შეიწირა. ამ ნაწილში აქცენტი ქუჩის რბოლებიდან უკვე მძარცველურ ოპერაციებსა და ექშენზე გადაიტანეს.

მას შემდეგ რიცხვები კიდევ უფრო გაიზარდა — Fast & Furious 6-ისთვის 350-ზე მეტი, Furious 7-ისთვის 230-ზე მეტი, The Fate of the Furious-ისთვის 300-ზე მეტი, F9-ისთვის კვლავ 350-ზე მეტი, ხოლო Fast X-ის გადაღებებისას ამ ფილმისთვის რეკორდული 500-ზე მეტი ავტომობილი განადგურდა. საბოლოო შედეგებით, ყველა სერიის გადაღებებისას განადგურებული ავტომობილების საერთო რაოდენობამ 2 300-ს გადააჭარბა.
თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა ის იშვიათი ავტომობილი, რომელიც თქვენ ეკრანზე იხილეთ, უკლებლივ გაანადგურეს. გადამღები ჯგუფი ხშირად სპეციალურად ამზადებდა ე.წ. „კიტ-ქარებს“ (Kit Car) — მაგალითად, Nissan Skyline-ის ასლებს, რომლებიც შედარებით ხელმისაწვდომი ავტომობილების ნაწილებით იყო აგებული.

ზოგიერთ შემთხვევაში კი გამოყენებული მანქანები სრულფასოვანი ავტომობილებიც კი არ იყო — მხოლოდ ძარა, მინაბოჭკოვანი ძარა და იმიტირებული სალონი ჰქონდათ, ზოგს კი არც ძრავა და არც ინტერიერი გააჩნდა. მიუხედავად ამისა, მათი შექმნაც დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვდა, თუმცა საბოლოოდ თითქმის ყველა მათგანი სანახაობრივი ტრიუკების მსხვერპლი ხდებოდა.