კორვეტი, შევროლეტი, შევროლეტი კორვეტი, სპორტქარი
Aa
Aa

ახლა უკვე ყველაზე ხელმისაწვდომი Corvette-იც კი, 320 კმ/სთ-ს ავითარებს

Chevrolet-ის ახალი Corvette Stingray მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი სპორტქარია და თან, 320 კმ/სთ-ს ავითარებს.

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Chevrolet-მა 2027 წლის Corvette Stingray ოფიციალურად წარადგინა. ამჯერად, კომპანიას გასაიდუმლოებული არც ახალი მოდელის ფასები დაუტოვებია და საბაზისო ვერსიიდან დაწყებული, ახალი Corvette-ს ყველა ვერსიის ღირებულებებიც გაასაჯაროვა. თუმცა მანამ სანამ ფასამდე მივალთ, ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ 2027 წლის Corvette-ს ყველაზე ხელმისაწვდომი ვერსიაც კი Chevy-მ სპორტქარისთვის შესაფერისი შესაძლებლობებით შემოგვთავაზა. კერძოდ, Corvette-ს საბაზისო ვერსიაც ახლა 320 კმ/სთ-ზე მეტს ავითარებს.

ასევე დაგაინტერესებთ: TOP-ი: 10 ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილი

2027 წლის Corvette Stingray Coupe ფასი $73 495-დან იწყება, ხოლო ელექტროდასაკეცი სახურავით აღჭურვილი კაბრიოლეტის საწყისი ფასი $80 495-ს შეადგენს. მართალია, ეს მნიშვნელოვანი მატებაა 2020 წლის C8 Corvette-ის საწყის ფასთან შედარებით, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ღირებულების ზრდა ავტომობილის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებით არის განპირობებული.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, როგორც მიხვდებოდით, კაპოტქვეშ გვაქვს. აქ ამერიკული ავტომწარმოებლის გუნდმა 6.2-ლიტრიანი LT2 V8 სრულიად ახალი 6.7-ლიტრიანი LS6 V8 ძრავით ჩაანაცვლა. აგრეგატის ცვლილებით, Stingray-ს სიმძლავრე 490 ცხენის ძალიდან (495 ცხ.ძ Z51 პაკეტით) 535 ცხენის ძალამდე გაიზარდა, ხოლო მბრუნავი მომენტი 630 ნმ-დან 705 ნიუტონმეტრამდე. გაუმჯობესებულია დინამიკაც: ახალი Corvette Stingray 0-დან 100 კმ/სთ-მდე დაახლოებით 2.8 წამში ჩქარდება, რაც წინა Z51 ვერსიასთან შედარებით 0.1 წამით უკეთესი შედეგია.

ცნობისთვის, ავტომწარმოებელი იმავე აგრეგატს, LS6-ს განახლებულ Corvette Grand Sport-სა და ახალ Grand Sport X-შიც იყენებს. ამ უკანასკნელს დამატებით წინა მხარეს ელექტროძრავაც ჩაუდგეს და შედეგად, კოლექტიური სიმძლავრე 721 ცხენის ძალამდე გაიზარდა. ახალი ძრავის წყალობით, Corvette Stingray-ის დინამიკური შესაძლებლობებიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუ წინა მოდელი მაქსიმალურ სიჩქარეს 312 კმ/სთ-ზე აღწევდა, ახალი, 2027 წლის ვერსიისთვის მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ს აჭარბებს.

Corvette Stingray 1LT — კუპე: $73 495; კაბრიოლეტი: $80 495

Corvette Stingray 2LT — კუპე: $80 595; კაბრიოლეტი: $87 595

Corvette Stingray 3LT — კუპე: $85 245; კაბრიოლეტი: $92 245

აღსანიშნავია, რომ Corvette-ის ისტორიაში მაქსიმალური სიჩქარის 320 კმ/სთ-იანი ნიშნული პირველად C6 თაობის ZR1-მა გადალახა, ახლა კი იმავე შედეგის მიღწევა საბაზისო Stingray-საც შეუძლია. Chevrolet-ის ინჟინრების განმარტებით, მაქსიმალური სიჩქარის ზრდა არა მხოლოდ სიმძლავრის მატების, არამედ ავტომობილის ვიწრო ძარის დამსახურებაცაა. კერძოდ, შედარებით ფართოძარიან Z06-სა და ZR1-ისგან განსხვავებით, Stingray-ს ნაკლები აეროდინამიკური წინააღმდეგობა აქვს, ეს კი მაქსიმალური სიჩქარის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები