კორვეტით პოლიციისგან გაქცევის მცდელობა მინდორში სირბილით დასრულდა
აშშ-ში ჩვეულებრივი საგზაო შემოწმება მაღალსიჩქარიან დევნაში გადაიზარდა, რომელმაც შტატის საზღვრები გადაკვეთა, სპეციალური საჩერებელი ეკლებით დასრულდა და მისურის ერთ-ერთ მინდორში ფეხით დევნით დაგვირგვინდა. არკანზასის შტატის პოლიციის ცნობით, Chevrolet Corvette-ის მძღოლმა 251 კმ/სთ სიჩქარე განავითარა, როდესაც სამართალდამცველებისგან თავის დაღწევას ცდილობდა. ამ რეგიონისთვის მსგავს სიტუაციაში გასაკვირი თითქოს არაფერია, თუმცა ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რაც ბოროტმოქმედმა დაკავების შემდეგ პოლიციელებს უთხრა.
პოლიციის ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, დევნა 15 ივნისის დილას, არკანზასის მისისიპის ოლქში, 55-ე სახელმწიფოთაშორის მაგისტრალზე დაიწყო. პატრულმა შეამჩნია წითელი კორვეტი, რომლის სანომრე ნიშნის შემოწმებისას გაირკვა, რომ რეგისტრაციის ვადა რამდენიმე თვის წინ იყო ამოწურული. როდესაც ოფიცერმა საავარიო ციმციმები ჩართო, სპორტული ავტომობილის მძღოლს გაჩერება აზრადაც არ მოსვლია. ნაცვლად ამისა, მან მანქანა მკვეთრად ააჩქარა და პოლიციელი დევნაში ჩაითრია. რადარის ჩვენებით, კორვეტის სიჩქარემ 241 კმ/სთ-ს გადააჭარბა და პიკურ მომენტში 251 კმ/სთ-ს მიაღწია. დევნა მეზობელ მისურის შტატში გაგრძელდა, სადაც ადგილობრივმა საგზაო პატრულმა გზაზე სპეციალური საჩერებელი ეკლები განათავსა. მძღოლმა მათ მარცხენა საბურავებით გადაუარა, თუმცა სვლა მაინც განაგრძო.

ავტომობილმა კიდევ რამდენიმე მილი გაიარა, რის შემდეგაც მძღოლმა მუხრუჭს იმდენად მკვეთრად დააჭირა, რომ მის უკან მიმავალმა პოლიციელმა დამუხრუჭება ვეღარ მოასწრო. ოფიცერმა აღნიშნა, რომ მას მანევრის შესრულება სურდა, თუმცა მუხრუჭები ზედმეტად გადაუხურდა და იძულებული გახდა, კორვეტს უკნიდან დაჯახებოდა. შეჯახების შედეგად ორივე ტრანსპორტი მწყობრიდან გამოვიდა. მძღოლი მანქანიდან ზურგჩანთით ხელში გადახტა და მინდვრისკენ გაიქცა, თუმცა სამართალდამცველებს მალევე დანებდა.
პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. ჩხრეკისას მის ზურგჩანთაში იპოვეს მართვის მოწმობა და ძვირადღირებული ავტომობილების – ორი Ram TRX-ისა და ერთი Dodge SRT-ის გასაღებები, ხოლო თავად კორვეტის სალონში მცირე რაოდენობით მარიხუანა აღმოაჩინეს. პატრულის მანქანაში ჩასმისას დამნაშავემ პოლიციელებს განუცხადა, რომ ამ სპორტული მანქანის დაზიანება საერთოდ არ ადარდებდა, რადგან „უბრალოდ წავიდოდა და სხვას იყიდდა“. მას ბრალი წარედგინება სახიფათო მართვაში, პოლიციისგან ავტომობილითა და ფეხით გაქცევაში, ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ფლობასა და უამრავ საგზაო დარღვევაში.