Ford-ის თავმჯდომარე: „ჩინელების აშშ-ის ბაზარზე შემოსვლას სამუდამოდ ვერ შევაჩერებთ“
ამერიკის საავტომობილო ინდუსტრია ამჟამად დიდწილად ტარიფებისა და მკაცრი რეგულაციების იმედად არის, რათა ჩინური ავტომწარმოებლები საკუთარი ბაზრიდან შორს დაიჭიროს. თუმცა, Ford-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ბილ ფორდის განცხადებით, ეს ხელოვნური დამცავი ბარიერები მუდმივად ვერ იარსებებს და დეტროიტი მზად უნდა იყოს იმ მომენტისთვის, როდესაც გლობალური კონკურენცია მათ კარს პირდაპირ მიადგება.
ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
Axios-ის ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ბილ ფორდმა აღნიშნა, რომ ამერიკულ კომპანიებს არ აქვთ უფლება, უბრალოდ იმედი იქონიონ, რომ ჩინური ბრენდები აშშ-ის ბაზრის მიღმა უვადოდ დარჩებიან. მისი აზრით, მათ სასწრაფოდ უნდა შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ ჩინეთის სწრაფად პროგრესირებად ავტოგიგანტებს.
„ჩვენ მოგვიწევს ჩინეთთან პირისპირ, თანაბარ პირობებში ბრძოლა. ვერ ვიქონიებთ იმედს, რომ მათ სამუდამოდ შევაჩერებთ. ჩვენ უნდა შევძლოთ და მათ საკუთარ თამაშში ვაჯობოთ“, — ციტირებს ბილ ფორდის სიტყვებს გამოცემა The Wall Street Journal.
საინტერესოა, რომ მიუხედავად ამ პოზიციისა, ბილ ფორდი ამჟამად მხარს უჭერს აშშ-ის კონგრესმენების საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ჩინური მანქანებისთვის ამერიკული ბაზრის სრულად ჩაკეტვას ისახავს. ტოპ-მენეჯერი ამას ადგილობრივი წარმოების დაცვის აუცილებლობით ხსნის.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ მანქანებს აშშ-ის გზებზე ჯერ ვერ შეხვდებით, ისინი უკვე დიდ გავლენას ახდენენ დეტროიტის საავტომობილო გიგანტების სტრატეგიაზე. მაგალითად, Ford აქტიურად მუშაობს სრულიად ახალ, ბიუჯეტურ ელექტრო პიკაპზე, რომელიც ბაზარზე 2027 წლისთვის უნდა გამოვიდეს და მისი საწყისი ფასი დაახლოებით 30 000 დოლარი იქნება. ბილ ფორდმა ასევე მოუწოდა აშშ-ის ხელისუფლებას უფრო სტაბილური და გრძელვადიანი სამრეწველო სტრატეგიისკენ. საავტომობილო ინვესტიციების დაგეგმვასა და რეალიზაციას ხშირად წლები სჭირდება, რაც აშკარა დისონანსში მოდის მოკლე პოლიტიკურ და საარჩევნო ციკლებთან.