ჩინურმა ელექტრომობილმა შუმახერის 360°-იანი მარყუჟი რეალურად შეასრულა
Dongfeng-ის ბრენდ Voyah-ს თავისი ახალი ელექტრო SUV-ისთვის ყურადღების მიპყრობა სურდა, რისთვისაც Passion S-ით ჩინეთში, გვირაბის შიგნით, სრული 360-გრადუსიანი მარყუჟი შეასრულა — რითაც გაამეორა ის ცნობილი ტრიუკი, რომელიც მიხაელ შუმახერმა 2010 წელს Mercedes-Benz SLS AMG-ის რეკლამაში შემოგვთავაზა (თუმცა შუმის სინამდვილეში ეს სულაც არ გაუკეთებია).
Passion S-ის ფოტოები და ტექნიკური მახასიათებლები თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა, თუმცა ოფიციალური პრეზენტაცია გასული კვირის ბოლოს შედგა და ის ამ ტრიუკის გამოქვეყნებას სპეციალურად დაამთხვიეს. გვირაბში თავდაყირა სიარული არაფერს ამბობს იმაზე, თუ როგორ დადის Xiaomi YU7-ის ეს კონკურენტი რეალურ გზაზე, თუმცა ინტერნეტში მან თავისი საქმე ზუსტად შეასრულა.
ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე, ინტერნეტმომხმარებელთა დიდმა ნაწილმა ეჭვი გამოთქვა, რომ კადრები ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ იყო შექმნილი. სოციალურ ქსელ Weibo-ზე გავრცელდა ცალკეული ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს შეფუთული Passion S-ის პროტოტიპი მარყუჟის გავლას, თუმცა ვარდება და გზის სავალ ნაწილზე ეცემა.
გამოცემა CarNewsChina აღნიშნავს, რომ კომპანია, რომელიც მზადაა რამდენიმე პროტოტიპი გააფუჭოს, სავარაუდოდ, რეალურ ავტომობილებს იყენებს და არა ციფრულ ანიმაციას. Voyah-მა ბრალდებებს სწრაფად უპასუხა და ტრიუკის სრული, დაუმუშავებელი ვიდეო გამოაქვეყნა. მასში ჩანს, რომ Passion S-ი პლატფორმას დაახლოებით 130 კმ/სთ სიჩქარით ეჯახება და სრულ მარყუჟს აკეთებს, თუმცა ზღვარზე. თავდაყირა ტრიალისას SUV-მ წამიერად დაკარგა კონტაქტი გვირაბის ჭერთან, სანამ თვლები ჩამოსასვლელ პლატფორმას შეეხებოდა.
ვიდეოს ნელი კადრებით ყურებისას ჩანს, რომ Passion S-ის წინა ბამპერის ქვედა კუთხე სერიოზულად დაზიანდა გზაზე დაშვებისას. დამუშავებულ კლიპში კი ავტომობილი მარყუჟს უვნებლად ასრულებს და გვირაბიდან ნაკაწრის გარეშე გამოდის — აშკარაა, რომ ეს ეპიზოდი სხვა ეგზემპლარით გადაიღეს.
Voyah-მ დაადასტურა, რომ Passion S-ი 81 კვტ/სთ და 98 კვტ/სთ ტევადობის ელემენტებით იქნება წარმოდგენილი. ყველა ვერსია 800-ვოლტიან ელექტრო არქიტექტურას იყენებს, რაც ელემენტის 20-დან 80 პროცენტამდე დამუხტვას ათ წუთში უზრუნველყოფს.
ბაზარზე ხელმისაწვდომი იქნება როგორც უკანა, ისე სრული ამძრაობის მოდელები. ორძრავიანი ვერსია 637 ცხენის ძალასა და 765 ნიუტონ-მეტრ ბრუნვის მომენტს გამომუშავებს, რაც SUV-ს საშუალებას აძლევს 0-დან 100 კმ/სთ-მდე 4.5 წამში აჩქარდეს. უკანაამძრავიანი მოდელის სვლაშორისი მანძილი CLTC ციკლით 740 კილომეტრია, ხოლო სრული ამძრაობის ვერსიის — 630 კილომეტრი. ავტომობილის ფასი 229 900 იუანიდან (დაახლ. $34 100) 279 900 იუანამდე ($41 500) მერყეობს.