ავტოსპორტი, ფორმულა 1, მაქს ფერსტაპენი, რედ ბული
Aa
Aa

მაქს ფერსტაპენი Red Bull Racing-ში 2030 წლამდე დარჩება

ფორმულა 1-ის ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონმა, მაქს ფერსტაპენმა, დღეს დილით უდიდესი სიახლე გამოაცხადა: მან Red Bull Racing-თან ხელი ახალ, 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა. სიახლის განსამტკიცებლად მან ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ეწერა: „Four More Years of Full Send“ (კიდევ ოთხი წელი სრული სვლით).

ასევე იხილეთ: რატომაა Formula 1-ის პილოტობა თითქმის შეუძლებელი?

ნიდერლანდელმა მრბოლელმა სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ გუნდში 2030 წლამდე დარჩება. ეს საკმაოდ მოულოდნელი სვლაა, რადგან მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში Red Bull-ს სტაბილური ტემპი არ ჰქონდა — გუნდი ხან პოდიუმისთვის და გამარჯვებისთვის იბრძოდა, ხან კი პელოტონის შუაში აღმოჩნდებოდა ხოლმე, რაც სუპერ მაქსის მხრიდან რადიოში გუნდის მისამართით ემოციურ და მწვავე კრიტიკას იწვევდა.

„ჩვენ საუკეთესო პროფესიონალები გვყავს და მოხარული ვარ, რომ გავაგრძელებ ყველასთან ერთად მუშაობას, რათა კვლავ მწვერვალზე დავბრუნდეთ,“ — განაცხადა ფერსტაპენმა. „ეს რჩება საბოლოო მიზნად, რომლისკენაც ყველანი ვიღვწით. ყოველთვის ვამბობდი: ეს გუნდი ჩემი მეორე ოჯახია და აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. გუნდში იმ იმედით მოვედი, რომ რბოლებს მოვიგებდი. ის, რასაც ერთად მივაღწიეთ — ოთხი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული — უბრალოდ საოცარია. ამ მოგზაურობის გაგრძელება იმავე გუნდთან, რომელთანაც მთელი კარიერა გავატარე, მართლაც განსაკუთრებული რამ არის.“

პადოკის ინსაიდერების ცნობით, ახალი კონტრაქტის მიხედვით ჰოლანდიელის ხელფასმა შესაძლოა წელიწადში 100 მილიონ დოლარსაც კი მიაღწიოს. ეს მას ყველაზე მაღალანაზღაურებად პილოტად აქცევს — უფრო მაღალი ხელფასით, ვიდრე ლუის ჰემილტონს აქვს Ferrari-ში ან ფერნანდო ალონსოს Aston Martin-ში.

ამ ნაბიჯით მაქსმა წერტილი დასვა უამრავ ჭორს, რომელიც F1-ში წელზე მეტია ვრცელდებოდა. Red Bull-ის პრობლემების გამო, გავრცელებული ცნობებით, ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა Mercedes-თან, Ferrari-სთან და McLaren-თანაც კი. ახლა კი ყველა სხვა გუნდის ხელმძღვანელს მოუწევს შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ჩემპიონი მათთვის ხელმისაწვდომი არ არის.

როგორ ფიქრობთ, შეუტევს სუპერ მაქსი ლუის ჰემილტონისა და შუმახერის რეკორდს?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები