სუპერქარები, რიმაცი, ბუგატი ტურბილონი, მატე რიმაცი, ბუგატი რიმაცი
Aa
Aa

მატე რიმაცი: „სუპერქარების მომავალი კვლავ შიგაწვის ძრავებს ეკუთვნით“

თანამედროვე სუპერქარებზე ძალიან ბევრ ავტომოყვარულს პირველი ალბათ ეს ადამიანი, მატე რიმაცი, ახსენდება. მისი უახლესი განცხადება კი, წესით, ენთუზიასტების მისდამი პატივისცემას კიდევ უფრო გაამყარებს. მსოფლიოში ერთ-ერთი უსწრაფესი ავტომობილების შემქმნელმა CNBC-სთან სუპერქარების მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ, მისი აზრით, ის კვლავ შიგაწვის ძრავებს ეკუთვნით.

ასევე დაგაინტერესებთ: Bugatti-ის ტრაგიკული ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები

Bugatti Rimac-ის ხელმძღვანელის შეფასებით, საავტომობილო ბაზარი თანდათან ორ ნაწილად დაიყოფა. ყოველდღიურად გამოყენებადი ავტომობილების უმეტესობა ელექტრო გახდება, ხოლო სპორტული და განსაკუთრებით ძვირად ღირებული მოდელები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შიგაწვის ძრავებს შეინარჩუნებენ.

„სტანდარტული ავტომობილების შემთხვევაში, ადამიანების უმეტესობა ელექტრომობილს აირჩევს. თუმცა, ზედა სეგმენტში — სპორტქარებიდან დაწყებული — შიგაწვის ძრავები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დარჩება. ზუსტად ისე, როგორც მექანიკური საათები“, — აღნიშნა რიმაცმა.

რიმაცის განმარტებით, ამ პროცესში უკეთ გასათვითცნობიერებლად საუკეთესო მაგალითი საათების ინდუსტრიაა. ციფრული საათები პრაქტიკული და ხელმისაწვდომია, თუმცა შეძლებული მომხმარებლები კვლავ გამოთქვამენ სურვილს, დიდი თანხების სანაცვლოდ რთული მექანიზმისა და განსაკუთრებული ხასიათის მქონე მექანიკური საათები შეიძინონ.

ამ მოსაზრებაში ერთგვარი ირონიაც იკითხება, რადგან სწორედ Rimac-ის ელექტრო ჰიპერქარმა, Nevera-მ, დაანახა სამყაროს ელექტროძრავის შესაძლებლობები. მათ შორის ის, რომ მძლავრ EV-ებს ტრადიციულ, შიგაწვის ძრავის მქონე სუპერქარებზე სწრაფად შეუძლიათ აჩქარება. თუმცა, ამ შედეგების მიუხედავადაც, Nevera-ს გაყიდვებმა მოლოდინები არ გაამართლა. ეს კი, რიმაცის შეფასებით, იმის დასტურია, რომ მხოლოდ მაღალი წარმადობა მომხმარებელთა სურვილებს ვერ დააკმაყოფილებს.

ვრცლად: დაივიწყეთ Koenigsegg-ი | Rimac-ის ახალი ჰიპერქარი სიჩქარის მეფეა

როგორც ჩანს, Nevera-ს მაგალითზე Bugatti-მაც ჭკუა ისწავლა. კომპანიამ Chiron-ის „გამგრძელებლის“ სრულად ელექტროვერსიაზე უარი თქვა და ახალი Tourbillon-ი ჰიბრიდული სისტემით აღჭურვა. ავტომობილს 8.3-ლიტრიანი ატმოსფერული V16 ძრავა და ელექტრული სისტემა აქვს, რომელთა საერთო სიმძლავრე 1 800 ცხენის ძალას აღწევს.

რიმაცი სამომავლოდ Bugatti-ს ზოგიერთ მოდელზე მექანიკური გადაცემათა კოლოფის შეთავაზებასაც არ გამორიცხავს. ამასთან, ბრენდი ტრადიციულ ციფრულ ეკრანებსაც ნაკლებად იყენებს და, მაგალითად, Tourbillon-ში მექანიკური სტილის ინსტრუმენტების პანელი გამოიყენა. რიმაცის თქმით, მხოლოდ სიჩქარე და აჩქარება დღეს კონკურენტულ უპირატესობად არ ჩაითვლება.

„თქვენ დღეს შეგიძლიათ დაახლოებით 50 000 აშშ დოლარად ჩინეთში იყიდოთ ავტომობილი, რომელიც 10 წლის წინ გამოშვებულ ნებისმიერ სპორტულ ავტომობილზე სწრაფია. ნელ-ნელა წარმადობა მეორეხარისხოვანი ხდება“, — განაცხადა რიმაცმა.

ამის ნაცვლად კი, შეძლებული მომხმარებლისთვის — ან თუნდაც უბრალო ავტომოყვარულისთვის — სულ უფრო მნიშვნელოვანი ხასიათი, ემოცია, დიზაინი და ინდივიდუალიზმი ხდება. ის, რაც სერიული წარმოებისა და ელექტრომობილების ეპოქაში ასე ძალიან გვაკლია.

ამ სტრატეგიის სისწორეს Bugatti Tourbillon-ის ჯავშნებიც ადასტურებს. ავტომობილი დაახლოებით $4.5 მილიონი ღირს და, ამის მიუხედავადაც, კომპანიის მიერ წარმოებაში ჩაშვებული 250-ვე ეგზემპლარიდან ყველა უკვე გაყიდულია. დამატებით კი, მომხმარებლები პერსონალიზაციაზე საშუალოდ $600 000-დან $700 000-მდეც ხარჯავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები