რეკორდი, სიჩქარის ზღვარი, სიჩქარის ლიმიტი
Aa
Aa

მსოფლიოში ყველაზე მაღალი სიჩქარის ლიმიტი არა გერმანიაში ან დუბაიში, არამედ ამ ქვეყანაშია

მაშინ, როდესაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი სიჩქარის ლიმიტის მქონე გზაზე ვსაუბრობთ, პირველი ალბათ ყველას თავში გერმანია მოგვდის. თუ გერმანია არა, შემდეგ ვერსიებად ამერიკის შეერთებული შტატები ან დუბაი გვახსენდება. თუმცა, წესით, იშვიათად, რომ რომელიმე ჩვენგანმა ეს უახლესი რეკორდსმენი ქვეყანა დაასახელოს.

ასევე დაგაინტერესებთ: მსოფლიოში ყველაზე საშიში გზები, რომელზეც არ უნდა გაიაროთ!

აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი სიჩქარის ლიმიტი, ამჟამინდელი მდგომარეობით, ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედებს. კერძოდ კი, ჩეხეთის D3 ავტომაგისტრალის დაახლოებით 47-კილომეტრიან მონაკვეთზე, სადაც დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ-მდე გაიზარდა. ეს კი მსოფლიოს გზებზე მოქმედ სიჩქარის ლიმიტებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ავტობანის ზოგიერთ მონაკვეთზე სიჩქარის შეზღუდვა საერთოდაც არ მოქმედებს, კონკრეტულად განსაზღვრული სიჩქარის ლიმიტის მიხედვით ეს ქვეყანა რეკორდსმენი მაინც არაა. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი სიჩქარის ყველაზე მაღალი ლიმიტი ტეხასის State Highway 130-ზე მოქმედებს და 137 კმ/სთ-ს შეადგენს. რაც შეეხება არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, აქ აბუ-დაბი–ალ-აინის გზაზე ერთ დროს სიჩქარის ლიმიტი თითქმის 160 კმ/სთ იყო, თუმცა მოგვიანებით — უსაფრთხოების მიზნით — 140 კმ/სთ-მდე შემცირდა.

თუმცა ჩეხეთში სიჩქარის შეზღუდვის ახალი ლიმიტი მუდმივად არ შენარჩუნდება. D3-ის 47-კილომეტრიან მონაკვეთზე სიჩქარის შეზღუდვის 150 კმ/სთ-მდე გაზრდა მხოლოდ საპილოტე პროექტის ნაწილია, რომელიც ჩეხეთის მთავრობამ გასულ წელს დაიწყო და 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ამასთან, ჩეხ მძღოლებს 150 კმ/სთ-ის სიჩქარით მოძრაობის უფლება მხოლოდ ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში აქვთ. სიჩქარის ლიმიტი დამოკიდებულია გზაზე მოძრაობის ინტენსივობაზე, ხილვადობასა და ამინდის პირობებზე. ძლიერი ქარის, მოყინვის ან სხვა საფრთხის არსებობის შემთხვევაში დაშვებული სიჩქარე შემცირდება.

შედეგად, ჩეხეთის ახალი რეკორდი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მძღოლებს ნებისმიერ დროს თავისუფლად შეუძლიათ 150 კმ/სთ-ით გადაადგილება. მიუხედავად ამისა, ამ პროექტის გამო ქვეყანა ავტომოყვარულთა ყურადღების ცენტრში უკვე მოექცა და შესაძლოა, მომავალში ჩეხეთი საავტომობილო ტურიზმისთვის საინტერესო მიმართულებად აქციოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები