კანადისა და აშშ-ის სატარიფო ომში ჩინური ავტომწარმოებლები იმარჯვებენ
აშშ-ის მხრიდან დაწესებული მკაცრი ტარიფებისა და სავაჭრო გაურკვევლობის ფონზე, კანადამ მოულოდნელი სტრატეგიული სვლა გააკეთა: ქვეყანამ ჩინურ ელექტრომობილებზე დრაკონული 100%-იანი ტარიფი მკვეთრად, 6.1%-მდე შეამცირა. სანაცვლოდ, ოტავამ ჩინურ მხარესთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ჩინეთმა კანადურ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ტარიფები 85%-იდან 15%-მდე დაწია.
ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
შეთანხმება ითვალისწინებს საწყის კვოტას — წელიწადში 49 000 ჩინური ელექტრომობილის იმპორტს, რაც დროთა განმავლობაში გაიზრდება. ერთი შეხედვით, ეს ციფრი კანადის ავტობაზრის საერთო გაყიდვების 3%-ზე ნაკლებია, თუმცა ექსპერტები უკვე საუბრობენ იმ დიდ საფრთხეებზე, რაც ამ გადაწყვეტილებას დასავლური ავტომწარმოებლებისთვის მოაქვს.
რატომ წავიდა კანადა ამ ნაბიჯზე?
წლების განმავლობაში კანადის ავტობაზარი თითქმის სრულად იყო დამოკიდებული ამერიკულ იმპორტზე. თუმცა, აშშ-ის პროტექციონისტულმა პოლიტიკამ ოტავას აიძულა, სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიკაციაზე ეფიქრა და მზერა აზიისა და მექსიკისკენ მიემართა.

კანადის მთავრობისთვის ეს იყო შესაძლებლობა, ერთი მხრივ, გადაერჩინა საკუთარი აგრარული სექტორი, ხოლო მეორე მხრივ — ადგილობრივი მომხმარებლისათვის შეეთავზებინა ბევრად უფრო ხელმისაწვდომი ელექტრომობილები, რომელთა ნაკლებობასაც დასავლური ბრენდები ჯერ კიდევ განიცდიან.
ტრადიციული საავტომობილო გიგანტებისთვის მთავარი პრობლემა ჩინური ავტომწარმოებლების (მაგალითად, BYD-ისა თუ Geely-ს ჯგუფში შემავალი ბრენდების) აგრესიული საფასო პოლიტიკაა. სახელმწიფო სუბსიდიების წყალობით, ჩინური კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ მაღალი ტექნოლოგიების მქონე ელექტრომობილებს ისეთ ფასად, რომელთან კონკურენციაც ამერიკულ და ევროპულ ბრენდებს უბრალოდ არ შეუძლიათ.

თუ ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნა დაწესებულ 49 000-იან კვოტას სწრაფად გადააჭარბებს, კანადის მთავრობა სერიოზული პოლიტიკური დილემის წინაშე დადგება: გაზარდოს კვოტები მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის, თუ დაიცვას ჩრდილოეთ ამერიკული ავტოინდუსტრიის ინტერესები. ამ ნაბიჯით კანადა ფაქტობრივად გახდა პოლიგონი, სადაც გამოჩნდება, შეძლებს თუ არა ჩინური ელექტრო-ინვაზია ჩრდილოეთ ამერიკული ბაზრის ათვისებას.