მინივენის მაცივრის რეკლამისთვის Toyota-მ ნაყინების გაყიდვა დაიწყო
მინივენებს ხშირად „მოსაწყენი საოჯახო ავტომობილების“ რეპუტაცია აქვთ, თუმცა Toyota Sienna-ს მარკეტინგული კამპანიები ყოველთვის საპირისპიროს ამტკიცებდა. საკმარისია გავახსენოთ 2010 წლის ლეგენდარული Swagger Wagon კამპანია ან Sienna:Remix, რომელსაც 60 დინამიკი და DJ-ს მოძრავი პულტი ჰქონდა.

ამჯერად, იაპონურმა ბრენდმა კიდევ ერთი მოულოდნელი კოლაბორაცია წარადგინა ცნობილ ამერიკულ ბრენდ Graeter’s Ice Cream-თან ერთად, რომლის ფარგლებშიც ექსკლუზიური ნაყინის სენდვიჩები — Salted Caramel Chip Wheels გამოუშვა.
„ყველაზე ტკბილი სვლა“ — ასე შეაფასეს კომპანიაში ახალი პროდუქტი, რომელიც ორი ორმაგი შოკოლადის ორცხობილასგან, მარილიანი კარამელის ნაყინისგან და შოკოლადის ბურთულებისგან შედგება. ნაყინის შეძენა მხოლოდ ონლაინ რეჟიმშია ხელმისაწვდომი და 12-ცალიანი შეფუთვა $86 ღირს.

ეს კოლაბორაცია უბრალო მარკეტინგული სვლა არ არის. მისი მთავარი მიზანია ყურადღება მიაპყროს Sienna Platinum-ის კომპლექტაციაში არსებულ ჩაშენებულ მაცივარს — FridgeBox-ს. Sienna-ს ცენტრალურ კონსოლში ჩაშენებულ მაცივარს აქვს როგორც გაციების, ასევე გაყინვის რეჟიმი. ტოიოტას წარმომადგენლების თქმით, ეს ფუნქცია იდეალურია იმისათვის, რომ ოჯახური მოგზაურობისას ან ბავშვების ვარჯიშის შემდეგ ნაყინი იდეალურ მდგომარეობაში შეინახოთ.

იაპონური ბრენდის წარმომადგენელმა, ოუენ პიკოკმა განაცხადა, რომ ორივე კომპანიას ხარისხისადმი საერთო მიდგომა აერთიანებს, Sienna-ს FridgeBox-ი კი ოჯახურ მოგზაურობას კიდევ უფრო მხიარულს ხდის.