სწორედ ამიტომ არ უნდა გაიმეოროთ სახლში ის, რასაც Tesla ქარხანაშიც ვერ აკეთებს...
ცნობისმოყვარეობა წარმატების მიღწევის გზაზე პირველი ნაბიჯია და, ერთი შეხედვით, რთულია მისით რამე დაშავდეს... თუმცა, ალბათ, როცა ბიუჯეტში შეზღუდული ხართ, უმჯობესია შედარებით მოკრძალებული იდეების განხორციელებით დაიწყოთ. პაკისტანელი გამომგონებელი, ეჰსან ზაფარი, პირდაპირ დიდ ტექნოლოგიას დაეჯახა, რამაც, საბოლოოდ, პოლიციის მანქანასთან შეჯახებამდე მიიყვანა. 2018 წლიდან მოყოლებული, ზაფარი საკუთარ ლაბორატორიაში ავტომობილის თვითმართვადობის სისტემას ქმნიდა, თუმცა როდესაც მან ჟურნალისტი მიიწვია გამოგონების გამოსაცდელად და ვიდეოზე გადასაღებად, სატესტო გარბენი ვირუსულ ვიდეოდ იქცა.
???? Pakistan'da bir adam, kendi geliştirdiği sürücüsüz otomobili test ederken polis arabasına çarptı. pic.twitter.com/QSFgD4L1kM
— 3. Dünya Savaşı (@ww3mediaa) August 31, 2026
ვიდეო გადაღებისას ჟურნალისტი მუჰამად აალიჯა მაყურებელს სისტემის ფუნქციებს უხსნიდა, როდესაც ავტომობილმა უეცრად გეზი იცვალა და პირდაპირ გზის პირას გაჩერებული პოლიციის პიკაპისკენ გაემართა. ჟურნალისტმა სცადა ხელის მუხრუჭის ამოქაჩვა, თუმცა უკვე გვიანი იყო — მანქანა პოლიციის ავტომობილს გვერდიდან შეეჯახა. საბედნიეროდ, სიჩქარე დაბალი იყო და დაზიანება მნიშვნელოვანი მაინცდამაინც არ არის.
როგორც აღმოჩნდა, ავტონომიური მართვის სისტემა ინტერნეტ-კავშირზე იყო დამოკიდებული. ზაფარის თქმით, კამერასთან საუბრისას მან შემთხვევით არასწორ ბრძანებას დააჭირა, რამაც ინტერნეტის გათიშვა გამოიწვია. ინტერნეტის გათიშვის გამო სისტემამ ორიენტაცია დაკარგა და ავტომობილი პირდაპირ პოლიციის მანქანისკენ წავიდა.
პოლიციელმა, რომელიც იმ მომენტში პიკაპში იჯდა, შეჯახების შემდეგ მანქანა დატოვა. თუმცა, ისლამაბადის პოლიციამ ინციდენტი უბრალო "ადამიანურ შეცდომად" შეაფასა და ენთუზიასტებს ბრალი საერთოდაც არ წაუყენა. როგორც ჩანს, სრულ ავტონომიურ მართვამდე — განსაკუთრებით კი სახლის პირობებში აწყობილ სისტემებში — ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი!