ავარია, აშშ, დაზღვევა, სადაზღვევო თაღლითობა, კრიმინალი
Aa
Aa

აშშ-ში თაღლითური ავარიების მოწყობისთვის 4 ადამიანი დააკავეს

2024 წლის ბოლოს სოციალურ ქსელებსა და მედიაში ვირუსულად გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ გააჩერა მძღოლმა Honda Civic ნიუ-იორკის გზატკეცილზე უკან მომავალი Acura-ს წინ, ხოლო მას შემდეგ, რაც Acura-მ დამუხრუჭება მოასწრო, Honda-ს მძღოლმა უბრალოდ უკუსვლა დაიწყო და მას განზრახ შეეჯახა.

ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ნიუ-იორკის პროკურატურამ თაღლითური სქემა სრულად გაშიფრა, საქმეში მონაწილე პირები კი ციხეში მიდიან.

როგორ მუშაობდა „ავარიების ფაბრიკა“?

კუინსის ოლქის პროკურორმა მელინდა კეცმა და ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა კეთი ჰოკულმა ოფიციალურად განაცხადეს დამნაშავეთა ჯგუფის წევრების — ხაიმე უირაკოჩასა და ვიქტორ მურილიოს გასამართლების შესახებ.

საგამოძიებო მასალების თანახმად, ჯგუფი სისტემატურად აწყობდა დადგმულ ავარიებს ნიუ-იორკის მაგისტრალებზე სადაზღვევო კომპანიებისგან მსხვილი კომპენსაციების მისაღებად. სქემა მოიცავდა არამხოლოდ განზრახ შეჯახებებს, არამედ ცრუ დაშავებების სიმულირებასაც: თაღლითები მსხვერპლის ავტომობილის წინ მკვეთრად ამუხრუჭებდნენ.

პროკურატურამ ამავე ჯგუფს კიდევ ორი მსგავსი დადგმული ავარია დაუმტკიცა, მათ შორის ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილის მონაწილეობით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხაიმე უირაკოჩას სადაზღვევო თაღლითობისთვის 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო უშუალოდ ავარიის დამდგმელ ვიქტორ მურილიოს — 2 წლით პატიმრობა. ჯგუფის კიდევ ორი წევრი განაჩენის მოლოდინშია.

გამოძიებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დანაშაულებრივი სქემის მხილებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა დაზარალებული მძღოლის ვიდეორეგისტრატორმა. ეს შემთხვევა კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რამდენად აუცილებელი და პრაქტიკული აქსესუარია ვიდეორეგისტრატორი თანამედროვე ავტომობილში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები