არაბების სუპერქარებს ლონდონში 13 423 ჯარიმა გამოუწერეს | გადახდილი მხოლოდ 1%-ია
როდესაც Ferrari-ს ან Lamborghini-ს ლონდონში გადასაყვანად $68 000-ს ხარჯავ, სავარაუდოდ, $200-იანი პარკინგის ჯარიმა საერთოდ არ გადარდებს. ეს ფაქტი ლონდონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული თავსატეხი გახდა...

Wall Street Journal-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, ყოველ ზაფხულს ლონდონის პრესტიჟული უბნები ახლო აღმოსავლეთიდან (განსაკუთრებით კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან) ჩამოყვანილი სუპერქარებით ივსება.
არაბი მილიონერები ავტომობილებს (Ferrari Purosangue, McLaren, Bentley, Land Rover Defender) აჩერებენ ავტობუსების გაჩერებებზე, ტაქსის სადგომებზე, ყვითელ ხაზებზე და სატვირთო ზონებში. მთავარი "ეპიცენტრი" კი ცნობილი სავაჭრო ცენტრი Harrods-ია. 2018-2022 წლებში ვესტმინსტერის რაიონში საამიროების ნომრებიან მანქანებს 13 423 ჯარიმა გამოუწერეს, საიდანაც მფლობელებმა მხოლოდ 1% გადაიხადეს. გასულ წელს, უცხოურ ნომრებიან მანქანებს შორის ყველაზე მეტი 2570 ჯარიმა კატარულმა ავტომობილებმა მიიღეს. მათ გადაუსწრეს ბრიტანეთთან გაცილებით ახლოს მდებარე გერმანიასა და საფრანგეთსაც.

პრობლემის არსი მარტივია: ბრიტანულ პოლიციასა და მუნიციპალიტეტებს არ აქვთ წვდომა ევროკავშირის მიღმა არსებული ქვეყნების ავტომობილების მფლობელთა მონაცემთა ბაზებთან. ბრიტანეთის კანონმდებლობით, სამოქალაქო დავების გამო უცხო ქვეყნის მოქალაქის პერსონალური მონაცემები საერთაშორისო დონეზე არ გაიცემა.
შედეგად, შეიხები ზაფხულის სეზონის დასრულებისას თავიანთ "ჰიპერქარებს" ისევ თვითმფრინავებში ტვირთავენ და სახლში ბრუნდებიან, ათასობით ფუნტის ჯარიმები კი უბრალოდ ჰაერში რჩება.

15 წლის წინ, 2009 წელს გაკეთებული ოფიციალური განცხადება დღესაც აქტუალურია: „ფაქტობრივად, უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილები სრული იმუნიტეტით სარგებლობენ საცობების გადასახადსა და პარკინგის ჯარიმებზე."