ჩინეთი, ავტოწარმოება, ჩრდილოეთ ამერიკა, ჩინური ავტომობილები
Aa
Aa

ჩინელები ჩრდილოეთ ამერიკაში ავტომობილების წარმოებას 2-3 წელიწადში დაიწყებენ

Nissan Americas-ის ხელმძღვანელის, კრისტიან მენიეს ვარაუდით, ჩინური კომპანიები მექსიკის ტერიტორიაზე ავტომობილების წარმოებას მომდევნო 2-3 წელიწადში დაიწყებენ, რის შემდეგაც, შესაძლოა, ჩინური მანქანები უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზეც გამოჩნდეს.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

„მექსიკაში ძალიან ამბიციური გეგმა გაქვს, განსაკუთრებით კი ხარჯების შესამცირებლად, რათა ჩინურ კომპანიებთან კონკურენტუნარიანობა შევინარჩუნოთ მაშინაც, როდესაც ისინი ადგილობრივად დაიწყებენ წარმოებას. ეს, სავარაუდოდ, მომდევნო 2-3 წელიწადში მოხდება, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“, — განაცხადა მენიემ იოკოჰამაში მდებარე Nissan-ის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრაზე.

Nissan-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ჩინური ბრენდები საბოლოოდ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზეც შევლენ, თუმცა ამას სულ მცირე ხუთი წელი დასჭირდება. ეს ამერიკულ ავტომწარმოებლებს გარკვეულ დროს მისცემს, რათა საკუთარ ბაზარზე სამომავლოდ მოსალოდნელი კონკურენციისთვის მოემზადონ.

თუმცა, ჩინური ავტომობილები აშშ-ის სამხრეთით, სადაც ისინი 50%-იანი ტარიფებით იბეგრებიან, უკვე იყიდება. ხოლო თუ ჩინური კომპანიები მექსიკაში, ადგილობრივად, წარმოებას დაიწყებენ, ბაზარზე ჩინური ავტომობილების ფასი შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს — რადგან ადგილობრივ წარმოებაზე იმპორტის გადასახადი ვეღარ იმოქმედებს. შედეგად, კონკურენციის შესანარჩუნებლად, ადგილობრივ ავტომწარმოებლებსაც მოუწევთ ხარჯებისა და ფასების შემცირება.

„მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, თამაშის მთავარი განმსაზღვრელი ხარჯების კონკურენტუნარიანობა იქნება“, — განაცხადა მენიემ. მისი შეფასებით, დასავლურმა და იაპონურმა ავტომწარმოებლებმა ბოლო წლებში ხარჯების შემცირებაზე საკმარისად ეფექტიანად არ იმუშავეს. შედეგად, თუნდაც Nissan-ის არსებული მიწოდებისა და ხარჯების სტრუქტურა, „BYD-ის მსგავს კომპანიებთან კონკურენციისთვის საკმარისი ვერ იქნება“.

თუმცა Nissan-ი ჩინურ ავტომწარმოებლებთან კონკურენციისთვის მხოლოდ ხარჯების შემცირების პოლიტიკას არ გამოიყენებს. ავტომწარმოებლის გეგმით, კომპანია თავადვე აპირებს ჩინეთში წარმოებული ავტომობილების მექსიკაში გაყიდვას.

ერთ-ერთი ასეთი მოდელია Frontier Pro, რომლის გაყიდვებიც მექსიკაში უკვე დაიწყო. მიმდინარე წელს კი ის ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც იქნება ხელმისაწვდომი. მანიეს თქმით, ეს შესაძლებლობაა, ლათინურ ამერიკაში ჩინურ მწარმოებლებს ისევ ჩინეთში შექმნილი პროდუქტი დაუპირისპირონ, რადგან მათი შემოსვლის ტემპი ბაზარზე საგრძნობლად მაღალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები