ფინურმა ტრაქტორმა Red Bull Ring-ზე სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა!
ფორმულა 1-ის ბოლიდები, GT3 სუპერქარები და ახლა... სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი. ავსტრიის ლეგენდარულ Red Bull Ring-ის ტრასას მრავალი სწრაფი სატრანსპორტო საშუალება უნახავს, თუმცა ფინურმა მწარმოებელმა Valtra-მ გადაწყვიტა, ავტოსპორტის სამყაროსთვის სრულიად ახალი კუთხით შეეხედა.
კომპანიის ახალი თაობის Valtra T Series ტრაქტორმა ავსტრიულ ტრასაზე ოფიციალური წრე გაიარა და 4.3-კილომეტრიანი დისტანცია 3 წუთსა და 36.4 წამში დაფარა — რითაც ტრაქტორების კლასში წრის პირველი ოფიციალური რეკორდი დაამყარა!
ერთი შეხედვით, ეს აგრესიული შავი ტრაქტორი უფრო ბოლიდს წააგავს, ვიდრე სიმინდის ყანაში სამუშაო ტექნიკას. ის აღჭურვილია 7.5-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი AGCO Power CORE75 დიზელის ძრავით, რომელიც 245 ცხენის ძალას და 1184 ნიუტონს გამოიმუშავებს. დისკები Nokian-ის სპეციალური მაღალი გამძლეობის საბურავებითაა შეფუთული — ეს კომბინაცია კი ტრაქტორს საშუალებას აძლევს, ტრასაზე 87 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს.
არავინ იცის, რეალურად რა მარკეტინგული მიზანი ჰქონდა ამ ექსპერიმენტს, გარდა იმისა, რომ უბრალოდ ძალიან მაგარი და სანახაობრივი შოუ გამოვიდა. Valtra-მ დაამტკიცა, რომ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას შეუძლია იყოს არა მხოლოდ მაღალეფექტური მინდორში, არამედ საკმაოდ სწრაფიც, როდესაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ავტოდრომზე გაუშვებენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს