რბოლა, ნასკარი, ფილმები, ტომ კრუზი
Aa
Aa

ტომ კრუზი NASCAR-ის რეალურ რბოლაში მონაწილეობას ითხოვს | Days of Thunder-ის ახალი ფილმისთვის

ტომ კრუზი ფილმის გადასაღებ მოედანზე ავტომობილის მართვით არ კმაყოფილდება და NASCAR-ის ARCA Menards Series-ის რეალურ რბოლაში მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს.

ლეგენდარული მსახიობი ამჯერად Days of Thunder-ის გაგრძელებისთვის ემზადება და, როგორც შეეფერება, ამბიციური გეგმებიც აქვს. ტომ კრუზს რეალურ შეჯიბრში მონაწილეობა სურს და NASCAR-ის ხელმძღვანელობას ამ მოთხოვნით უკვე მიმართა.

ასევე იხილეთ: 10 ძვირად ღირებული მანქანა, რომლებიც ფილმებში გაანადგურეს

NASCAR-ის აღმასრულებელი დირექტორის, სტივ ო’დონელის განცხადებით, კრუზმა მათ ARCA Menards Series-ის ერთ-ერთ რბოლაში ასპარეზობა სთხოვა. იდეა ჯერ არ დამტკიცებულა, თუმცა NASCAR-ში ამ შეთავაზების განსახილველად მზადყოფნას გამოთქვამენ. ო’დონელის განცხადებითვე, NASCAR-ის სისტემაში ARCA-ს სარბოლო სერია მოქმედებს და სწორედ აქ სურს ტომ კრუზსაც მონაწილეობა.

„გაოცებული დავრჩი“, — განაცხადა ო’დონელმა Front Office Sports-ის Tuned In კონფერენციაზე. „დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ ეს მოხდება, თუმცა მას სურს, რომ ყველაფერი მაქსიმალურად რეალისტური იყოს“.

რა თქმა უნდა, კრუზის ინტერესი მხოლოდ ფილმის პოპულარიზაციას არ უკავშირდება. მსახიობს ავტოსპორტის მიმართ ინტერესი არასდროს დაუფარავს და ფაქტია, ახალი გამოცდილების მიღებისთვისაც ღიაა.

Motorsport-ის ინფორმაციით, 1987 წელს მან დეიტონას ტრასაზე Hendrick Motorsports-ის Busch Series-ის სარბოლო ავტომობილი გამოსცადა. ტესტირებაში კრუზი ასევე მსახიობ პოლ ნიუმენთან ერთად მონაწილეობდა და 286 კმ/სთ-მდე სიჩქარეს მიაღწია. თუმცა ეს სესია ძრავის პრობლემების გამო ნაადრევად დასრულდა. სწორედ ამ გამოცდილებას უკავშირდება ფილმის Days of Thunder-ის შექმნის იდეაც.

მოგვიანებით, უკვე 2011 წელს, კრუზმა Willow Springs-ის ტრასაზე Red Bull F1-ის ბოლიდიც გამოცადა. თუმცა სატესტო გამოცდილებებისგან რეალური რბოლა რადიკალურად განსხვავებულია. ARCA-ს შეჯიბრში მსახიობს სხვა მრბოლელებთან უშუალო კონკურენცია და მაღალი სიჩქარით ბრძოლა მოუწევს.

ო’დონელის თქმით, კრუზს სურს, რომ ფილმში ავტოსპორტის კადრები თანამედროვე რეალობას მაქსიმალურად ასახავდეს. საუბარი გვაქვს არა მხოლოდ ავტომობილების მართვაზე, არამედ იმ ტექნოლოგიებსა და საინჟინრო პროცესებზეც, რომლებიც დღევანდელ სარბოლო სპორტს განსაზღვრავს.

ცნობისთვის, ARCA-ში ახალგაზრდა მრბოლელებთან ერთად გამოცდილი სპორტსმენებიც მონაწილეობენ, რომელთაც NASCAR-ის უფრო მაღალ დივიზიონებში გადასვლა სურთ. შესაბამისად, ეს სერია კრუზისთვის შესაძლოა ყველაზე მეტად შესაფერისი იყოს და, ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს 64 წლის მსახიობი ტრასაზე მართლაც ვიხილოთ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    Top-10 საუკეთესო ავტომობილი ფილმებიდან
    Top-10 საუკეთესო ავტომობილი ფილმებიდან