GT-R-ის პატრონმა სიჩქარის ზღვარს სამმაგად გადააჭარბა, პოლიციამ მანქანა ჩამოართვა
ქუჩებში სწრაფად სიარული ბევრი მძღოლის მავნე ჩვევაა. ზოგს ამ ჩვევის გამოვლინებაში მანქანა არ უწყობს ხელს. ზოგსაც GT-R-ი ჰყავს. ჰოლანდიის პოლიციელებს ახლახან სურათზე ნაჩვენები Nissan GT-R-ის კონფისკაცია მოუწიათ, რომელმაც როტერდამის ცენტრში 160კმ/სთ განავითარა.
შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციას შეატყობინეს, რომ GT-R-ი ქუჩებში BMW-ს უცნობ მოდელს ეჯიბრებოდა. ჩასაფრებულმა პოლიციელმა რადარით დააფიქსირა, რომ იაპონური სპორტული მანქანა 160კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა. მონაკვეთზე დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე კი 50კმ/სთ გახლდათ.
View this post on Instagram
სიჩქარის გადაჭარბება GT-R-ის მფლობელისთვის ერთადერთი პრობლემა არ აღმოჩნდა. სხვადასხვა წყაროების მიხედვით ვიგებთ, რომ მანქანა ძველი სანომრე ნიშნებითაც გადაადგილდებოდა, რომლის გამოყენების ვადაც 2021 წელს ამოიწურა. მკაცრი კანონების გამო ფრანგ მძღოლს არამხოლოდ ავტომობილის, არამედ მართვის მოწმობის ჩაბარებაც მოუწია.
ჰოლანდიურმა პოლიციამ შავი GT-R-ის სურათი Instagram-ის პლატფორმაზე გაავრცელა. მათი თქმით, ავტომობილის ბედი სასამართლოს შემდეგ გადაწყდება. სავარაუდოდ, ეს მანქანა გზებსა და პატრონს დიდი ხნით დაემშვიდობება.
ალბათ, არაა საჭირო იმის ახსნა, თუ რამდენად დიდი საფრთხის შემცველია მანქანის იმაზე სამჯერ სწრაფად მართვა, ვიდრე დაწესებული ზღვარია. ერთი მცირედი შეცდომის დაშვება GT-R-ის მძღოლს ან ქუჩაში მოძრავ მოქალაქეებს საბედისწეროდ დაუჯდებოდათ. ყოველთვის, როდესაც საქალაქო გზებზე მანქანის გიჟურად მართვას გადაწყვეტთ სხვების დაშვებულ შეცდომებზე იფიქრეთ. ყველა შეცდომის პირადად დაშვება აუცილებელი არ გახლავთ.