Aa Aa
8 ნოემბერი 2022  |  11:00

Lincoln Aviator-ის ქურდმა იფიქრა, რომ პოლიციას F-150 Raptor-ის საბარგულზე დაემალებოდა

შვეულმფრენის თერმული კამერა პოლიციას კიდევ ერთხელ დაეხმარა.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, პოლიციისგან დამალვა სულ უფრო რთულდება. თუმცა, ამ ადამიანს რატომღაც ეგონა, რომ პასუხისმგებლობას თავიდან აირიდებდა. პოლიციის ოფიცრებმა ქურდობაში ეჭვმიტანილი Ford F-150 Raptor-ის საბარგულში იპოვეს და დააპატიმრეს.

ყველაფერი 27 ოქტომბერს დაიწყო. დედბორნში, მიჩიგანის ქარხნიდან Lincoln Aviator-ი მოიპარეს. ბოლო დროს მსგავსი შემთხვევები ხშირია. პოლიცია ეძებდა კაცს, რომელიც დანაშაულის ადგილიდან გაიქცა და მიიმალა.

შვეულმფრენის თერმულმა კამერამ, იპოვა ადამიანი, რომელიც გაჩერებული პიკაპის საბარგულზე იმალებოდა. ნარინჯისფერი Ford F-150 Raptor-ი კლიენტისთვის მისაყვანად იყო მზად. კაცმა გადაწყვიტა, რომ მაღალი ავტომობილი ტევადი საბარგულით დასამალად კარგი ადგილი იქნებოდა. ალბათ, არც უფიქრია, რომ ძებნაში შვეულმფრენი ჩაერთვებოდა და ზემოდან კარგად გამოჩნდებოდა.

პილოტმა პოლიციის ოფიცრებს ეჭვმიტანილის ადგილმდებარეობა შეატყობინა და რამდენიმე დანაყოფი მის დასაკავებლად მაშინვე გაემართა.

ვიდეოში ჩანს, როგორ უშვერს იარაღს ერთ-ერთი პოლიციელი საბარგულში წამოწოლილ კაცს, მეორე კი უკანა კარს აღებს და პიკაპიდან გადმოჰყავს.

ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. როგორც დედბორნის პოლიცია აღნიშნავს, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა თერმული კამერა დეპარტამენტს ეჭვმიტანილის დაკავებაში დაეხმარა.

გაზიარება: