Aa Aa
13 აპრილი 2023  |  10:54

პოლ უოკერის მიერ გადაკეთებული და გამოყენებული R34 Nissan GT-R-ი იყიდება

მსახიობმა Nissan Skyline GT-R-ს ბევრი სასურველი მოდიფიკაცია ჩაუტარა, რაც ფილმის მეოთხე ნაწილშიც გამოჩნდა.

სპეციალურად მომზადებული R34 თაობის Nissan Skyline GT-R-ი, რომელიც Fast & Furious-ის ფილმშია გამოყენებული, ახლა აუქციონზე გადის. ეს ავტომობილი პოლ უოკერმა ფილმში რეალურად მართა. ახლა კი, წლების შემდეგ საკულტო GT-R-ი გასაყიდადაა გამოტანილი და მისი შეძენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

მეტი სიზუსტისთვის გეტყვით, რომ ეს ავტმობილი ჰოლივუდის ლეგენდარული ვარსკვლავის მფლობელობაში არასდროს ყოფილა. მან ამ ავტომობილის მოდიფიცირებაში მიიღო მონაწილეობა. მთელი ეს პროცესი „Fast and Furious-ის“ მეოთხე ნაწილიდან უნდა გახსოვდეთ.



გაუმჯობესების ფარგლებში შეიცვალა გაგრილების სისტემა, გამშვები სისტემა და მუხრუჭები. მიუხედავად იმისა, რომ დინამომეტრის ტესტის ოფიციალური მონაცემი არ გვაქვს, აუქციონის სახლის განცხადებიდან ვიგებთ, რომ მანქანას 550 ცხენის ძალა აქვს. ჯანმრთელი ძრავა ჩანს, არა? სალონში მონიტორებია დამონტაჟებული, სადაც ყველა საჭირო პარამეტრი გამოდის. არაქარხნულია სარბოლო საჭე და ანატომური სავარძლები.

ამ „სქაის“, ჰოლივუდურ ცხოვრებასთან ერთად, საინტერესო ისტორიაც აქვს. უფრო ზუსტად კი, ის აშშ-ს ოფიციალური პირების მიერ ჩამოწერილი ავტომობილი იყო. ისინი მანქანის იმპორტიორ კომპანიას, Kaizo Industries-ის, ქვეყანაში მანქანის შეყვანას ედავებოდნენ. Kaizo-მ აშშ-ში მხოლოდ ამ მანქანის კორპუსი გაგზავნა. შემდეგ ავტომობილში RB26 განათავსეს და მთლიან პროექტს მანქანის სტატუსი შეუცვალეს. 





მთელი რიგი პროცესების შემდეგ მანქანა განადგურებას გადაურჩა და როგორღაც გერმანიაში აღმოჩნდა. იქ მანქანას, როგორც მუზეუმის ექსპონატს ისე ეპყრობოდნენ. ახლა კი ეს ლეგენდარული მოდელი აუქციონზე გადის.

აუქციონი ბრიუსელში ჩატარდება. ის 28 აპრილს დაიწყება და 5 მაისს დასრულდება. აუქციონზე მონაწილეობას მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, რომლებსაც Bonham-ის პროგრამაში „ვერიფიკაცია“ აქვთ გავლილი. მანქანის საწყის ფასზე ჯერ ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ „სქაის“ ფასი ექვსციფრიანი ნიშნულიდან დაიწყება.

გაზიარება: