ეს უნიკალური Sbarro ფაქტობრივად Ferrari-ს V8 „ცხელი ჰეჩბეკია“
„ცხელ ჰეჩბეკზე“ ფიქრისას, ალბათ უმეტესად, პატარა, ტურბოძრავით აღჭურვილ მანქანებს წარმოიდგენთ. თუმცა Sbarro Super Eight-ი სწორედ ის მოდელია, რომელიც ამ სტერეოტიპს მთლიანად ამსხვრევს. ეს უნიკალური ქმნილება, რომელიც ლეგენდარულ ფრანკო სბაროს ეკუთვნის არამარტო ცდება ტრადიციებს, არამედ სრულიად ახალ სტანდარტებსაც ქმნის იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს ე.წ. „ცხელი ჰეჩბეკი“.
Sbarro Super Eight-ი პირველად ჟენევის ავტოშოუზე, 1984 წელს ვიხილეთ და იმ დროს, წარმოებაში არსებულ სხვა ჰეჩბეკებთან შედარებით, ნამდვილი უცხოპლანეტელივით გამოიყურებოდა. სბარომ ამ მოდელში Ferrari 308-ის 2.9-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავა მოათავსა. აღსანიშნავია, რომ ძრავა არა მანქანის წინა მხარეს, არამედ შუაში განთავსდა, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ და უჩვეულო ჰეჩბეკად აქცევს.
სბაროს ექსტრავაგანტური Super Twelve-ის ტრადიცია - რომელიც ერთი 12-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავისთვის Kawasaki-ს ორი ძრავის გაერთიანებას გულისხმობდა - Super Eight-შიც გაგრძელა. Super Eight-ისთვის სბარომ Ferrari 308 GTB-ის ჩარჩო გამოიყენა, რომელიც შეამოკლა და მასზე სპეციალური მინის ბოჭკოს კორპუსი დაამონტაჟა.
მანქანა კომპაქტური და ძალიან განიერი პროპორციებით გამოირჩევა. ავტომობილს დამატებით ხიბლს მისი წითელი ფერი და 15-დუიმიანი BBS დისკები მატებს. რაც შეეხება ინტერიერს, ამ მოდელის სალონი ყავისფერი ტყავით და ხის ელემენტებითაა გაფორმებული. საჭე Momo-ა, ხოლო მაჩვენებელტა დაფა სპეციალურად Sbarro-სთვისაა დამზადებული.
Ferrari-ს V8 ძრავა 240 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მანქანა 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი, რომელიც ძრავის სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე ანაწილებს.
ამჟამად ავტომობილი Bring a Trailer-ის აუქციონზე იყიდება. მფლობელთან ის 1984 წელს, ჟენევის შოუს შემდეგ აღმოჩნდა, მას შემდეგ კი Sbarro-ს მუზეუმში ინახება.