ევროკავშირი, ჩინეთი, ელექტრომობილები, ბიუაიდი
Aa
Aa

ჩინური BYD გეგმებს ცვლის, რადგან ელექტრომობილები ბევრს არ აინტერესებს

ჩინური ავტომწარმოებელი BYD-ის მთავარი ნიშა ელექტრომობილებია. მაღალტექნოლოგიური მოდელების გაშვებით, ხშირ შემთხვევაშიც შედარებით ხელმისაწვდომ ფასად, BYD წლებია ჩინეთისა და გლობალურ ბაზარზე პოზიციების გამყარებისთვის იბრძვის და ამას, საკმაოდ წარმატებულადაც აკეთებს.

კომპანია ამჟამად ევროპაში ფეხის მოკიდებას და ადგილობრივი კომპანიებისა და Tesla-სთვის კონკურენციის გაწევას ცდილობს. ამისათვის, BYD რეგიონში ახალ საწარმოო ობიექტებსაც ამატებს და წარმოებისა და გაყიდვების გასაზრდელად, ახალ გეგმებზეც მუშაობს. გაყიდვების გასაზრდელად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებელთა მოთხოვნებზე მორგებაა. ევროპა კი, როგორც ჩანს, საწვავზე დამოკიდებულების სრულად შესაწყვეტად, მზად ჯერ კიდევ არაა.

ჩინური ავტომწარმოებელი ცნობილია, როგორც მსოფლიოში ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი. რეალურად კი, ის უფრო მეტ plug-in ჰიბრიდს ყიდის, ვიდრე სრულად ელექტრომობილებს. ჩინეთი კვლავ BYD-ის უდიდესი ბაზარია, მაგრამ კომპანია გლობალურ დომინაციაზეც პრეტენზიას აცხადებს. ევროპაში ცნობილი ბრენდების სერიოზულ კონკურენტად პოზიციონირებისთვის, მას მიმზიდველ ელექტრომობილებთან ერთად, სადილეროების უფრო ძლიერი ქსელი და რაც მთავარია, plug-in ჰიბრიდების უფრო ფართო ასორტიმენტი სჭირდება.

ამჟამად, BYD-ის ევროპული plug-in ჰიბრიდული პორტფელი მწირია. ერთადერთი PHEV, რომელსაც ის ევროპის ბაზარს სთავაზობს, Seal DM-i-ია. თუმცა ეს რეალობა მალე შეიცვლება. შტუტგარტში გამართულ ბოლო ღონისძიებაზე, BYD-ის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, მარია გრაცია დავინომ, 2025 წელს ევროპაში კიდევ ორი plug-in ჰიბრიდული მოდელის გაშვება დააანონსა. გერმანია ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბაზარია.

„ყველა არ არის მზად ელექტრომობილებისთვის. ჩვენ გვჭირდება დამატებით ისეთი რამ, რაც მომხმარებელს დაარწმუნებს. ყოველთვიურად, ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ საუკეთესო ბალანსი, მომხმარებლის სურვილებსა და კომპანიის გეგმებს შორის. უახლოეს მომავალში ჩვენ ორი საყრდენი გვექნება: ერთი სრულად ელექტრო და მეორე DM-i“.

ამჟამად BYD-ის ჩინეთიდან იმპორტირებულ ავტომობილებს ევროკავშირში ტარიფები ერიცხება. სწორედ ამიტომ, კომპანია ევროპაში ფიზიკურადაც ფეხის მოკიდებას იწყებს. დამატებითი ხარჯების შემცირებაში კი, მას  უნგრეთსა და თურქეთში ახალი საწარმოო ობიექტები დაეხმარება.

 

მსგავსი სიახლეები