აუქციონზე 1950 წლის „ყინულის პრინცესა“ გაიყიდება
ჩიკაგოში, Mecum-ის აუქციონზე უნიკალური მოდელი, 1950 წლის Studebaker Ice Princess XF58 გაიყიდება. Ice Princess არ არის მანქანა, რომელიც Studebaker-მა შექმნა — ეს რიჩარდ ფლეტჩერის მიერ 1987 წელს ხორცშესხმული ფანტაზიაა. XF58 წარსულის ალტერნატიულ ხედვას წარმოადგენს — რა იქნებოდა, 1950-იან წლებში Studebaker-ს ეს ველური, 6-ბორბლიანი კონცეპტი პირდაპირ სამეცნიერო ფანტასტიკიდან რომ ესესხებინა.
ფლეტჩერმა ყინულის პრინცესა 1950 წლის Studebaker Champion-ის ბაზაზე ააგო. დააგრძელა ავტომობილის ძარა, დაახლოებით, 6 მეტრამდე, დაამატა მეორე წინა ღერძი და დაბოლოებას „ფარფლები" დაუმატა. Studebaker-ის სავიზიტო ბარათად ქცეული ცხვირი ხელუხლებელია: მრგვალი ფარებითა და ქრომირებული დეტალებით.
უნიკალურ მოდელში ყველაზე გამორჩეული მაინც ორად გაყოფილი, გამჭვირვალე, მინის კონსტრუქციისგან შექმნილი სახურავია, რომელიც ავტომობილს რეტრო-ფუტურისტულ იერს სძენს. ალბათ, 1950-იან წლებში მომავლის ავტომობილები, მართლაც ასეთი წარმოედგინათ. 
ამ ულამაზესი მანქანის კაპოტის ქვეშ, ლეგენდარული ძრავა Cadillac 500 V8 დაგხვდებათ, რომელიც ავტომატურ გადაცემათა კოლოფთანაა დაწყვილებული. ინტერიერი წითელ-ოქროსფრადაა გადაწყვეტილი, სიჩქარეთა გადამრთველს ვერცხლისფერი თავის ქალა ამშვენებს, ხოლო ხელსაწყოთა ხელნაკეთი პანელი გასული საუკუნის 50-იანი წლების სტილისა და „ჰოტ-როდის" შესანიშნავი კომბინაციაა.
თანამედროვე რეგულაციების გათვალისწინებით, საეჭვოა, რომ ავტომობილის მყიდველი ქუჩაში Ice Princess-ით გადაადგილებას თავისუფლად შეძლებს, თუმცა მისი კოლექცია უნიკალური მოდელით ნამდვილად გამდიდრდება.