Ford, გაწვევა, Ford Bronco, ფორდი, Ford Bronco Sport
Aa
Aa

ის, რასაც მივეჩვიეთ | Ford კიდევ 230 000 მანქანას გაიწვევს

2025 წლის გაწვევების სერიას Ford ისევ ზრდის — ამჯერად ამერიკული ავტომწარმოებელი 230 000-მდე უახლეს Bronco-სა და Bronco Sport-ს გაიწვევს. პრობლემა მათ ციფრულ საზომ ხელსაწყოთა ბლოკს ეხება, რომელიც ზოგჯერ ცუდ ხასიათზე იღვიძებს და მუშაობაზე უარს ამბობს.

წარმოიდგინეთ, გასაღებს ატრიალებთ და გხვდებათ სიცარიელე და სიბნელე იქ, სადაც თქვენი სიჩქარე, გამაფრთხილებელი ნიშნები და ავტომობილის საკვანძო ინფორმაცია უნდა იყოს გამოსახული. საუკეთესო სცენარი ვერ არის ხომ? 

პრობლემის მიზეზი სისტემური ხარვეზია, რომელიც მაშინ აქტიურდება, როცა მანქანა ძილის რეჟიმში გადადის — მარტივად თუ ვიტყვით, ბრონკო იძინებს და აღარ იღვიძებს. Ford-ის განცხადებით, ხარვეზი შესაძლოა იმდენად მძიმე იყოს, რომ გააქროს სრული ინფორმაცია იქამდე, სანამ სისტემა თავად არ გადაიტვირთება. 

გაწვევა 2024 წლის გაზაფხულიდან 2025 წლის შემოდგომამდე წარმოებულ 101 002 Bronco-სა და 128 607 Bronco Sport-ს შეეხება. 

ჯერჯერობით, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ზიანი ან ავარია არ დაფიქსირებულა, თუმცა საზომ ხელსაწყოთა ბლოკის გაუმართაობა რისკებს მაინც შეიცავს.  

კარგი ამბავი ის არის, რომ ამ პრობლემის გამოსწორებას ქანჩები და მექანიკური შეკეთება არ სჭირდება — ცუდი ამბავი კი ის არის, რომ 230 000 ადამიანს Ford-ის სერვის ცენტრებში მისვლა მოუწევს, სადაც პროგრამულ უზრუნველყოფას გაუწევენ. 

ახალი დღე, ახალი გაწვევა

ამერიკული ავტომწარმოებლის სახელი 2025 წელს, ახალ მოდელებზე მეტად, გაწვევებისა და პრობლემების კონტექსტში გვესმის — Ford-ის მოდელებში ხშირია ხარვეზები როგორც მექანიკურ, ისე პროგრამულ დონეზე. 

თუმცა, მთავარი ის არის, რომ კომპანია მომხმარებელზე მუდმივად ზრუნავს, ცდილობს თავისი შეცდომების გამოსწორებას და მზადაა, ასიათასობით მძღოლს უფასოდ მოემსახუროს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები