ვაკეში, მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა 4 თვით შეიზღუდება
ვაკეში, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაციის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. გადაადგილებაზე შეზღუდვა 22 მაისის 00:00 საათიდან ამოქმედდება და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ოფიციალური განცხადების თანახმად, სამუშაოების მიმდინარეობისას, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთიდან, თამარაშვილის გამზირისა და გიორგი წერეთლის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მარცხნივ მოხვევა შეიზღუდება. მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ პირდაპირ ან მარჯვნივ. გზის აღნიშნულ მონაკვეთში დროებით მოიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაც.
წერეთლის ქუჩაზე მოძრაობა მარჯვენა ორ ზოლში აიკრძალება - გადაადგილება შესაძლებელი იქნება დარჩენილი თავისუფალი ზოლებით. ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება, როგორც საავტობუსო ზოლში, ისე წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის. აღნიშნული მონაკვეთი დროებით ორმხრივი და ორზოლიანი გახდება.
მოძრაობა აიკრძალება ვაკის სასაფლაოდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე არსებულ საგზაო მონაკვეთშიც. სატრანსპორტო საშუალებებს, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით გადაადგილება თამარაშვილის გამზირის, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების ხიდის გავლით შეეძლებათ. მძღოლები უკუმიმართულებითაც იმავე მარშრუტით გადაადგილდებიან.