ჰიუნდაი, კია, შრომითი უფლებები
Aa
Aa

Hyundai-სა და Kia-ს დასაქმებულების შრომითი უფლებების დარღვევასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ

ავტოინდუსტრიაში Hyundai და Kia წარმატებულ ბრენდებად მიიჩნევიან (განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში), თუმცა ამჯერად ისინი ისეთ სიაში მოხვდნენ, რომელშიც ყოფნასაც, ალბათ, არცერთი კომპანია არ ინატრებდა. არაკომერციულმა ორგანიზაცია National COSH-მა (შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეროვნული საბჭო) Hyundai-Kia-ს აშშ-ის მომწოდებელთა ქსელი თავის ყოველწლიურ „ბინძურ ათეულში“ შეიყვანა — ეს არის იმ დამსაქმებელთა სია, რომლებიც მოგებას საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე წინ აყენებენ.

National COSH-ის ანგარიში საკმაოდ მძიმე ბრალდებებს შეიცავს. დოკუმენტის მიხედვით, 2015-დან 2025 წლამდე პერიოდში ამ კომპანიების მომწოდებელ ქსელში დასაქმებული 12 ადამიანი დაიღუპა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ჯორჯიის შტატში მდებარე Hyundai-LG-ის ელემენტების ქარხანაზე, სადაც სამი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა.

გარდა ამისა, ანგარიში მოიცავს ინფორმაციას ბავშვთა შრომის უკანონო გამოყენების შესახებ ალაბამას შტატში მდებარე ცხრა საწარმოში, სადაც 13 წლის მოზარდებიც კი იყვნენ დასაქმებულნი. სამუშაო ადგილებზე დაფიქსირებული 854 დარღვევისთვის კომპანიებს ჯამში 6.2 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ, საიდანაც 70% განზრახ ან განმეორებით დარღვევებზე მოდის.

ანგარიშში ასევე საუბარია იმაზე, რომ სამხრეთკორეული ბრენდების მომწოდებელთა ქსელში ხელფასები სხვა ანალოგიურ საწარმოებთან შედარებით 10-15%-ით დაბალია, რაც ნაწილობრივ პატიმრების შრომის გამოყენებითაც აიხსნება (მაგალითად, ალაბამაში Hyundai-სა და Kia-ს მიმწოდებლების საწარმოებში მუშაობა პატიმრებსაც შეუძლიათ, შედარებით დაბალი ხელფასის სანაცვლოდ).

თავად Hyundai-მ ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ მათთვის თანამშრომლების უსაფრთხოება პრიორიტეტია და ისინი მკაცრად ითხოვენ პარტნიორებისგან ეთიკის კოდექსის დაცვას. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მათი სტანდარტები კრძალავს იძულებით, ან ბავშვთა შრომას და ნებისმიერ დარღვევაზე გადამჭრელ ზომებს იღებენ.

ოფიციალურ განცხადებაში აქცენტი ძირითადად ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და აშშ-ში დაგეგმილ ინვესტიციებზე გაკეთდა, კონკრეტულ ინციდენტებზე კი დეტალური პასუხი არ გაცემულა.

როგორ ფიქრობთ, რამდენად აისახება ასეთი რეპუტაციული დარტყმა Hyundai-სა და Kia-ს გაყიდვებზე, თუ მომხმარებლისთვის გადამწყვეტი მაინც თავად ავტომობილის ხარისხი და ფასია?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები