რატომ ახერხებენ მძაცველები მარტივად მოპარული მანქანების რეგისტრაციას?
ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი სოციალურ დაზღვევის ნომერს ჰგავს და ავტომობილების შესახებაც უამრავ ინფორმაციას გვაძლევს. მარკის, მოდელისა და ძრავის შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, VIN-ების გამოყენება სხვა ტიპის მიზნებისთვისაც შესაძლებელია: მათ შორის ავტომობილების ისტორიის „სამართავად“.
VIN-კოდების გამოყენება ავტომობილების რეგისტრაციისთვის შესაძლოა სამომავლოდ მომხმარებელთა დიდ თავის ტკივილად იქცეს. CTV News-ის თანახმად, სწორედ VIN-კოდები ეხმარებათ ქურდებს ავტომობილები დიდი ძალისხმევის გარეშე მოიპარონ.
ერთ-ერთი სადილეროს განცხადებით, მათ მხოლოდ Mercedes G-Class Squared-ის გაყიდვის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ რეალურად, ეს ავტომობილი მათ საკუთრებაში აღარ ირიცხებოდა. როგორც გაირკვა, ქურდებმა ამ ავტომობილის VIN-კოდი გამოიყენეს და მისი საშუალებით, მოპარული G-Class-ი დაარეგისტრირეს.
ეს პროცესი VIN-კოდის კლონირების სახელით არის ცნობილი და ქურდებისთვისაც მიმზიდველია, რადგან მათ მოპარული მანქანების მარტივად გაყიდვის საშუალებას აძლევს. Carfax-ის გაფრთხილებით, მხოლოდ კანადაში შესაძლოა 140 000-ზე მეტი ავტომობილი გაყალბებული VIN-ით მოძრაობდეს და მათი უმრავლესობა მოპარულიც კი იყოს.
ამ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად, Carfax-მა აპრილში VIN-ით თაღლითობის შემოწმების ახალი გეგმა შეიმუშავა. ის კომპანიებს აფრთხილებს ყურადღება მიაქციონ ფაქტორებს, რომლებიც შესაძლოა კლონირებულ VIN-ზე მიუთითებდეს. თუმცა, არცერთი სისტემა არ არის სრულყოფილი და, შეცდომები ამ შემთხვევაშიც იპარება.
უცნობია, თუ როგორ მიიღეს ქურდებმა VIN-კოდი G-Class-ის შემთხვევაში, თუმცა მათი ონლაინ პოვნა საკმაოდ მარტივია. სინამდვილეში, Carfax-ის ვებვერდზეც დილერებთან არსებული ავტომობილების VIN-კოდები მათი ფასისა და გარბენის მიხედვითაა ჩამოთვლილი.
ეს ნიშნავს, რომ თუ ქურდები 2018 წლის Kia Optima-ს მოიპარავენ, მათ უბრალოდ შეუძლიათ Carfax-ზე მსგავსი მოდელი მოძებნონ და იქიდან VIN-კოდი მოიპოვონ. შემდეგ კი, ამ ავტომობილის VIN-კოდისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოპარული ავტომობილის „სუფთა“ ფორმატში რეგისტრაცია სცადონ.