აუქციონი, იშვიათი ავტომობილები, JDM, Mitsubishi, მიცუბიში, იაპონური, მიცუბიში პაჯერო, Mitsubishi Pajero
Aa
Aa

იშვიათი ავტომობილები | ნახეთ Pajero, რომლის მხოლოდ 140 ერთეული არსებობს

ალბათ, გინახავთ უცნაური ფორმის ავტომობილები, რომელთანაც შეჩერებულხართ და (იქნებ) სურათიც გადაგიღიათ... ხშირად, ასეთი მანქანები მომხმარებლის მიერაა გადაკეთებული და მწარმოებლის ჩანაფიქრი სულაც არ ყოფილა — წინასწარ გეტყვით, ეს ასეთი შემთხვევა არ არის. 

სრულამძრავიანი Pajero, რომელსაც ახლა ხედავთ, ვინმეს ექსცენტრიკული პროექტი არ არის, არამედ თავად Mitsubishi-ს მიერ გამოშვებული ლიმიტირებული მოდელია.  

ეს Mitsubishi Pajero Flying Pug-ია, გვიან 1990-იან წლებში მხოლოდ იაპონური ბაზრისთვის 140 ერთეულად გამოშვებული მანქანა, რომელიც იუტაში, პარკ სითის აუქციონზე გამოჩნდა.

ორკარიანი Pajero Junior-ის ბაზაზე აგებული Flying Pug კლასიკური პაჯეროს თითქმის ყველა მახასიათებელს ატარებს, თუმცა ექსტერიერი კლასიკური ბრიტანული ბრენდების, Bentley-სა და Rolls-Royce-ის სტილშია გადაწყვეტილი (და, გულწრფელები თუ ვიქნებით, არც ისე კარგად).

აუქციონზე იშვიათი მოდელი, რომელსაც, სულ რაღაც, 63400 კილომეტრი აქვს გავლილი, 11800 დოლარადაა შეფასებული. Pajero Junior-ისთვის ბრიტანული იერის მისაცემად, იაპონურმა ავტომწარმოებელმა მანქანის წინა და უკანა მხარეები შეცვალა — დაუმატა მას ქრადიატორის ქრომირებული ცხაურა (რომელიც, როგორც ჩანს, როლს-როისისგანაა ნასესხები), მრგვალი ფარები და მოხვევის ციმციმები, ბორბლების გაფართოებული თაღები, მრგვალი უკანა ფარები და ქრომირებული ბამპერები. 


„ლამაზი“ ნამდვილად არ არის სიტყვა, რომლითაც ამ მანქანას დავახასიათებდით, თუმცა ინდივიდუალურობას ვერ დავუკარგავთ... 

მანქანა აღჭურვილია 1.1-ლიტრიანი, 4 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც 79 ცხენის ძალასა და 97 ნიუტონ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. 

შესაბამისად, თუ JDM (იაპონიის შიდა ბაზრის) მანქანების ისტორია გაინტერესებთ და კლასიკური ბრიტანული სულიც გიზიდავთ, Flying Pug-მა შესაძლოა დაგაინტერესოთ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები