„ლურსმნების სახლი“ | რატომ ნანობს მეპატრონე შეთავაზებაზე უარის თქმას?
ჩინეთში, შანხაის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სახლის მეპატრონეს, სულ მალე, 24/7-ზე გზიდან შემოსული ხმაურის ატანა მოუწევს. ეს კი მას შემდეგ მოხდება, რაც მისი სახლის გარშემო ახალი მნიშვნელოვანი გზატკეცილი გაიხსნება. სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოები ერთი შეხედვით რეალურს არ ჰგავს, თუმცა სინამდვილეა.
ჩინეთში, მსგავსი ტიპის უძრავი ქონება „ლურსმნების სახლის“ სახელითაა ცნობილი. ასე ეძახიან სახლს, რომელიც ადგილზე რჩება მას შემდეგ, რაც მეპატრონემ ჩინეთის მიერ სამშენებლო პროექტის შესყიდვის შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ბინაში მცხოვრებ ხანდაზმულ პირს 1.6 მილიონი იუანი, ანუ დაახლოებით 222 000 აშშ დოლარი და სამი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი შეთავაზეს, რათა თავისი საკუთრება დაეთმო. სახლი ახლა გზატკეცილის ცენტრში მდებარეობს, რომელიც მის გარშემო ორად იყოფა და სახლის გასწვრივ ტრიალებს.
მშენებლობის ხმაური, როგორც ამბობენ, იმდენად ძლიერია, რომ პინგი, რომელიც თავის 11 წლის შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს, ჩვეულებრივ, დროის უმეტეს ნაწილს ქალაქის ცენტრში ატარებს. სახლში კი მხოლოდ ღამით ბრუნდება, როდესაც მშენებლობა სრულდება. სახლის მეპატრონე ახლა უკვე ნანობს, რომ შეთავაზებას თავის დროზე არ დათანხმდა.
„დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, დავთანხმდებოდი მათ მიერ შემოთავაზებულ პირობებს. ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დიდი ფსონი წავაგე“, - აცხადებს ის.
ახლა მას სახლში მისვლა მხოლოდ გზატკეცილის ქვეშ გამავალი დიდი მილის გავლით შეუძლია. ბევრს კი, პროექტის ამჟამინდელი მდებარეობა ადარდებს და აცხადებენ, რომ წვიმიან ამინდში სახლის დატბორვის შანსი ძალიან მაღალია.