შემდეგი გაჩერება ევროპაა | EV-ების ბაზარს სმარტფონების ჩინური მწარმოებელი იპყრობს
Xiaomi სმარტფონების წარმოებიდან ელექტრომობილების ბიზნესში აღმოჩნდა და ადგილობრივთან ერთად, გლობალური ბაზრის დაპყრობაც გადაწყვიტა. კომპანიის პირველი მანქანა, SU7 სუპერსედანი, ჩინეთში ნამდვილ ჰიტად იქცა. ამ მოდელის პროგრამული უზრუნველყოფა და მომხმარებლის საერთო გამოცდილება იმდენად კარგია, რომ ის Ford-ის აღმასრულებელ დირექტორსაც კი შეუყვარდა.
მაღალი მოთხოვნა ნიშნავს, რომ დღეს SU7-ის შეძენა უკვე საკმაოდ გაგიჭირდებათ. ამასთან ერთად, Xiaomi-მ ცოტა ხნის წინ YU7-ის, მისი პირველი SUV-ის გამოშვებაც დაიწყო. ახლა კი, Xiaomi ახალ ბაზრებს ეძებს.
არსებული ინფორმაციით, ევროპაში გაშვებას კომპანია 2027 წლისთვის გეგმავს. ამას კი ხელს, Xiaomi-ის ფინანსური შედეგებიც უწყობს. კომპანიის საავტომობილო განყოფილებამ წლის მეორე კვარტალში რეკორდი დაამყარა, კვარტალში 81 000 ელექტრომობილი და მხოლოდ ივლისში, 30 000-ზე მეტი მანქანა გაყიდა. ასევე წარმატებული გამოდგა YU7-ის წარდგენაც: 240 000-მდე ჯავშანი და თანაც, 18 საათში.
გარდა ამისა, სმარტფონების მწარმოებელმა ნიურბურგრინგზე Xiaomi SU7 Ultra-თი აპრილში საკუთარი ელექტრომობილების რეკორდი მოხსნა, რაც პირდაპირი მანიშნებელია იმაზე, რომ კომპანია ელექტრომობილების მწვერვალზეც ლიდერობს.
ინვესტორებისთვის გაგზავნილ ბოლო ჩანაწერში Morgan Stanley-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ თავად Tesla-ც კი ჩამორჩება ახლა იმ ჩინურ კონკურენტებს, რომლებიც ფაქტობრივად მისი შთაგონებით შეიქმნენ. ის ანალიტიკოსებით კი, რომლებიც Tesla-ს მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი აღიარებენ, რომ Xiaomi-ის მსგავსმა კომპანიებმა ამერიკულ ფირმას გადაასწრეს.
თანაც, Xiaomi-სთვის ევროპა შედარებით უსაფრთხო არჩევანია. აქ სატარიფო რეჟიმიც ჩინური ელექტრომობილებისთვის აშშ-სთან შედარებით უფრო რბილია, ხოლო ჰიბრიდებისთვის თითქმის არ არსებობს. თანაც აშშ-ში სიტუაციას ტარიფების გაურკვეველი მომავალიც ართულებს. ევროპის ბაზარს დიდი მყიდველთა ბაზა აქვს, რომლებიც მაღალი წარმადობის ელექტრომობილების შეძენით დაინტერესებულნი არიან. ხოლო ისეთი ჩინური კომპანიები, როგორებიცაა Zeekr, BYD და Leapmotor, უკვე მძაფრ კონკურენციაში იმყოფებიან.