საქართველო, გზების მშენებლობა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მაგისტრალი
Aa
Aa

საქართველო-თურქეთს 7.6 კმ-ის გვირაბით დაუკავშირდება | რა ვიცით ახალ პროექტზე?

ბათუმი-სარფის შემოვლითი მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13 986 483 დოლარია. პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ ფინანსდება. ზედამხედველობის მომსახურების ვადა 48 თვეა.

სატენდერო პირობების თანახმად, დაინტერესებულმა კომპანიებმა მიმართვა არაუგვიანეს 2025 წლის 22 სექტემბრისა უნდა წარადგინონ. „ბათუმი–სარფის 11.3 კმ-იანი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელიც ბათუმის შემოვლით მაგისტრალურ გზას შეუერთდება და საქართველოს საზღვარს თურქეთის რესპუბლიკასთან დააკავშირებს“, - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტის მიზანი სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნის შექმნაა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მთავარი სატრანზიტო ქვეყნის როლს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კვანძის მოწყობა, რომელიც ბათუმის აეროპორტს საბაჟო ზონასთან, სანაპირო კურორტებთან და დასახლებებთან დააკავშირებს.

„საპროექტო გზის დერეფანი იწყება მდ. ჭოროხის მარჯვენა სანაპიროდან კვანძის მოწყობით, შემდგომ გზა გრძელდება სახიდე გადასასვლელით, რომელიც მოეწყობა მდ. ჭოროხზე. ხიდის შემდეგ, სოფ. ჭარნალთან საპროექტო გზის დერეფანი გაგრძელდება 7,6 კმ სიგრძის გვირაბით, რომელიც გაივლის სოფ. ჭარნალისა და სოფ. ახალსოფლის ტერიტორიებზე.

გვირაბის შემდეგ გზა გრძელდება სოფ. სარფის მიმდებარედ და ხიდის მეშვეობით, სოფ. სარფის მახლობლად უერთდება არსებულ (საერთაშორისო მნიშვნელობის E70) საავტომობილო გზას, სადაც მოხდება გზის სავალი ნაწილის გაფართოება საქართველო-თურქეთის საზღვრამდე“, - ვკითხულობთ, დეპარტამენტის გვერდზე.

ახალი მაგისტრალით, არსებული გზა ასფალტ ბეტონის 11.3 კილომეტრის სიგრძის გზით ჩანაცვლდება. 11-კილომეტრიანი პროექტი მოიცავს 7.6 კმ სიგრძის გვირაბს, 1.47 კმ სიგრძის ხიდს, ორ კვანძს, სანაპირო და მდინარის დამცავ ნაგებობებს, შემაკავებელ ნაგებობებს და ა.შ. გზაზე დასაშვებ სიჩქარედ ამ ეტაპზე 90 კმ/სთ-ია განსაზღვრული.

 

მსგავსი სიახლეები