მძღოლის AI ასისტენტები უკვე აქ არიან — Mini-ს, Mercedes-სა და Mazda-ს Ford-იც შეუერთდება
ხელოვნური ინტელექტისგან დისტანცირებული ცხოვრება, თანდათანობით, შეუძლებელი ხდება. თუ ბოლო ხანებში მან თქვენს საყვარელ მობილურ აპლიკაციებში შემოაღწია და ეს გაწუხებდათ, ახლა თქვენთვის კიდევ უფრო ცუდი ამბავი გვაქვს — ადრე თუ გვიან (და ეს არც ისე შორეული მომავალია), AI ავტომობილით მგზავრობის განუყოფელი ნაწილი იქნება. 
გასულ თვეში, Ford-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ ფარლიმ განაცხადა, რომ AI ასისტენტი ძალიან მნიშვნელოვანი ინოვაციაა და მასზე წვდომა ყველა მძღოლს უნდა ჰქონდეს. ფარნლის თქმით, ფორდის ვირტუალური ასისტენტი არ იქნება კლასიკური, Alexa-ს ტიპის მოდელი და აქცენტი მეტად „ცოცხალ“ კომპანიონზე გაკეთდება.
მოლაპარაკე მანქანები
1990-2000-იან წლებში დაბადებულებს, ალბათ გულის სიღრმეში პირადი ავტობოტის (ან დეცეპტიკონის, გემოვნებაზე ხომ არ დაობენ) ყოლა ყოველთვის გვინდოდა — შესაძლოა, AI ასისტენტი ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი იყოს. რა თქმა უნდა, ფორდი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ამ ტექნოლოგიაზე მუშაობს. მაგალითად, 2025 წლის იაპონიის ავტოშოუზე მაზდამ წარადგინა ახალი მოდელი — Vision-X Compact, რომლის AI ასისტენტიც, იაპონური ავტომწარმოებლის განცხადებით, მძღოლის საუკეთესო მეგობარი გახდება.
ასევე, მაზდამდე 2 წლით ადრე, ციფრული „საუკეთესო მეგობარი“ Mini-მ წარმოადგინა — ეს AI ასისტენტი-ძაღლი სპაიკია, რომელიც, ბრიტანული მარკის განცხადებით, მძღოლის ჭკვიანი პერსონალური ასისტენტი და ვირტუალური თანამგზავრი იქნება.
კონკურენტებს არც მერსედესი ჩამორჩა და შექმნა MBUX Virtual Assistant, ფაქტობრივად, Mercedes-ის ლეგენდარული სიმბოლოს, სამქიმიანი ვარსკვლავის, ცოცხალი ვერსიაა. Mercedes CLA-ის ახალ მოდელებში ChatGPT-სა და Google Gemini-საც შეხვდებით, რადგან, როგორც ჩანს, ხელოვნური ინტელექტის ერთი მოდელი საკმარისი არ არის. 
და მაინც, რაში შეიძლება გამოგადგეთ ჭკვიანი ასისტენტი? გადატვირთულ გზებზე ვინმეს რომ ეწუწუნოთ? ფილოსოფიური მსჯელობებისთვის? თუ მხოლოდ ისეთი ტექნიკური საკითხების ყურადღების გაუფანტავად მოსაგვარებლად, როგორიც ნავიგაცია ან სასურველი მუსიკის ჩართვაა... თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა, ალბათ, მასთან ინტერაქციას, საბოლოოდ, ვერ გაექცევით.