ტესტი, Volkswagen, ელექტრომობილები, ფოლკსვაგენი, Volkswagen ID.3
Aa
Aa

ID.3-მა 160 000კმ-იანი გამოცდის შემდეგ ბატარეის „სიცოცხლის“ მხოლოდ 9% დაკარგა

ADAC-ის ცდებისა და ტექნოლოგიების ცენტრმა ლანდსბერგში, გერმანიაში, 77 კვტ.სთ-იანი ბატარეით აღჭურვილი Volkswagen ID.3 Pro S დატესტა — შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. 

მოდელმა გაფანტა ეჭვები და მითები იმასთან დაკავშირებით, რომ ელექტრომობილის ბატარეები, სმარტფონების ბატარეების მსგავსად, მალე ცვდება და დეგრადირდება. 

160 000 კილომეტრის გავლის შემდეგ, ბატარეის „სიცოცხლე“ მხოლოდ 91%-მდე შემცირდა, ეს ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილის მხოლოდ 12კმ-ით შემცირებაა. 

ტესტერებმა, შეიძლება ითქვას, ავტომობილი არ დაინდეს. მეტიც, მათ ID.3-ით გააკეთეს ყველაფერი, რისი გაკეთებისგანაც მწარმოებელი, როგორც წესი, თავის შეკავებას გვთხოვს. 

გამოცდის ფარგლებში, დამუხტვების 40% დენის მუდმივი მიწოდების სწრაფ დამმუხტველებზე განხორციელდა და ხშირად ელექტრომობილს 100%-ით დამუხტვის შემდეგაც შეერთებულს ტოვებდნენ. შეიძლება ეს მაინცდამაინც საშიშად არ ჟღერს, თუმცა ითვლება, რომ ასე ბატარეა ზიანდება.

მიუხედავად ყველაფრისა, ID.3-მა „ტანჯვა“ მედგრად აიტანა. Volkswagen-ის ოფიციალური გარანტიის მიხედვით, ავტომობილი 160 000 კმ-ის გავლის შემდეგ, სულ მცირე, 70%-იან ტევადობას ინარჩუნებს. ADAC-ის ტესტის შედეგები კი აჩვენებს, რომ რეალურ ცხოვრებაში ელექტრომობილის პერფორმანსი უფრო მაღალი დონისაა. 


ეს შესანიშნავი ამბავია იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც ელექტრომობილის ფლობა სურთ, თუმცა არ ენდობიან მეორეულ მანქანას ბატარეის სიცოცხლისუნარიანობასთან დაკავშირებული ეჭვების გამო. 

„ბატარეის მაღალი სიცოცხლისუნარიანობა 160 000კმ-ის გავლის შემდეგაც ნიშნავს, რომ ჩვენი ID. მოდელები მეორეულ ავტომობილებადაც საკმაოდ მიმზიდველია", — განაცხადა მარტინ სანდერმა, ფოლკსვაგენის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორთა საბჭოს წევრმა.

მეტიც, გერმანული ავტომწარმოებელი თავის მანქანებში იმდენადაა დარწმუნებული, რომ ბრიტანელ მომხმარებელს ID. სერიის ელექტრომობილების გამოსაცდელად 100-დღიან ვადას აძლევს და მზადაა, ამ პერიოდის შემდეგ, უკმაყოფილების შემთხვევაში, მანქანა უკან დაიბრუნოს. 

ასევე იხილეთ: Volkswagen მომხმარებელს შეძენილი ელექტრომობილების უკან დასაბრუნებლად 100 დღეს მისცემს

ADAC-ის ინჟინრებმა შეაქეს მანქანის სავალი ნაწილების ხარისხიც. ასევე, პროგრამულმა განახლებებმა გაზარდა ბატარეის დამუხტვის სიჩქარე და ეფექტიანობა, განსაკუთრებით ცივ ამინდში. 

ერთი სიტყვით, შეგვიძლია თამამები ვიყოთ — ID.3 იმ მიმების სიაში ვერ მოხვდება, რომელიც Volkswagen. Das Auto-თი მთავრდება. 

მსგავსი სიახლეები