Ford Mustang Dark Horse SC | GTD-ის ხასიათი „ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის“
Ford-ის Mustang GTD მართლაც შესანიშნავი ავტომობილია, თუმცა წარმოების შეზღუდული რაოდენობა და სუპერქარის ღირებულება ($325 000) ბევრს მისი შეძენის საშუალებას არ აძლევს. მიუხედავად ამისა, Ford-ს, როგორც ჩანს, არც „ჩვეულებრივი მოკვდავნი“ დავიწყებია და 2026 წლისთვის მათ ახალი მოდელი — Mustang Dark Horse SC შესთავაზა. რა თქმა უნდა, შედარებით ხელმისაწვდომი ფასითა და GTD-ის ელემენტებით.

ავტომობილის მთავარი ღირსება GTD-დან „ნასესხები“ 5.2-ლიტრიანი V8 ძრავაა, რომელიც 7-სიჩქარიან, ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფთანაა დაწყვილებული. შედარებისთვის: GTD-ის სიმძლავრე 815 ცხენის ძალას აღწევს, რაც დიდი ნახტომია სტანდარტული Dark Horse-ის 500 ცხენის ძალასთან შედარებით, თუმცა Dark Horse SC-ის შემთხვევაში, ავტომწარმოებელს საბოლოო მონაცემები ჯერ არ დაუდასტურებია.

საინტერესოა, რომ ახალი მოდელის განვითარება სებრინგსა და ვირჯინიის საერთაშორისო ავტოდრომებზე, GTD-სა და GT3 სარბოლო მანქანებზე მუშაობის პარალელურად მიმდინარეობდა. ამან Dark Horse-ზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია: ახალ მოდელში Brembo-ს კარბონ-კერამიკული მუხრუჭები, მაგნიუმის საკიდი და ახალი თაობის MagneRide ამორტიზატორები გამოიყენეს. როგორც ამბობენ, ეს სწორედ ერთობლივი მუშაობის შედეგია.
სტანდარტულ ვერსიასთან ერთად, მსურველებს Track Pack-ის არჩევაც შეუძლიათ, რომელშიც შედის: კარბონის დისკები; განახლებული აეროდინამიკა; Michelin Pilot Sport Cup 2 R-ის საბურავები და ა.შ.

განსხვავებული სტილის სახურავისა და უკანა ფრთის კომბინაციით, უკანა მიმჭერი ძალა 290 კმ/სთ სიჩქარეზე 280 კგ-ს შეადგენს, ხოლო ვენტილირებადი კაპოტი ხელს უწყობს გაგრილებასა და წინა ნაწილის დაბალანსებას. ეს კომპლექტი ავტომობილის წონას დაახლოებით 68 კგ-ით ამსუბუქებს.

ინტერიერში დაგხვდებათ GTD-ის ბრტყელძირიანი საჭე ინტეგრირებული მართვის კონტროლით, ალკანტარასა და კარბონის დეტალებით. ხელმისაწვდომია Recaro-ს სავარძლებიც, ხოლო Track Pack-ში უკანა სავარძლები მთლიანად ამოღებულია.
ღირებულებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ არსებობს. თუმცა, რადგან სტანდარტული 5-ლიტრიანი Dark Horse-ის ფასი $64 000-დან იწყება, ხოლო პრემიუმ კომპლექტაციაში $70 000-ს აღწევს, სავარაუდოა, რომ ახალი მოდელის ფასი $100 000-იან ნიშნულს გადააჭარბებს. ეს მაინც ბევრად უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე GTD.