ფორმულა 1, ჰონდა, ასტონ მარტინი
Aa
Aa

Honda და Aston Martin საგზაო ავტომობილის შექმნის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ

Honda-მ Red Bull Racing-თან თანამშრომლობა ოფიციალურად დაასრულა და ახალი როლი მოირგო: ის Aston Martin-ის Formula 1-ის გუნდის ძრავების ექსკლუზიური პარტნიორი გახდა.

თანამშრომლობა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა ორივე კომპანია უკვე გამოხატავს მზაობას, შეისწავლონ შესაძლებლობების ფართო სპექტრი — მათ შორის, სამომავლო საგზაო ავტომობილის პროექტის პოტენციალი.

ტოკიოში გამართულ Honda-Aston Martin-ის ახალი პარტნიორობის ოფიციალურ ღონისძიებაზე, Aston Martin-ის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, ლორენს სტროლმა, განაცხადა, რომ პრიორიტეტი, სულ მცირე ახლა მაინც, Formula 1-ია. თუმცა, მან არ გამორიცხა მომავალში ერთობლივი საგზაო ავტომობილის შექმნის იდეა:

„ჩვენი ამჟამინდელი გეგმა, ცხადია, Formula 1-ის ამბიციურ მიზნებს უკავშირდება. ეს ყველაფერი გუნდური პროექტია. შეგვიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს ჩვენი პარტნიორობის დასაწყისია. რეალურად, ამ ეტაპისთვის საწარმოო ავტომობილის ან ჰიპერქარის შექმნის გეგმები არ გვაქვს, თუმცა არანაირი მიზეზი არ არსებობს, რის გამოც მომავალში ამის გაკეთება არ შეგვიძლია“, — განაცხადა სტროლმა.

ლორენს სტროლის თქმით, Aston Martin-ი ყველა მსგავსი ტიპის პარტნიორობისთვის ღიაა და დარწმუნებულია, რომ Honda-შიც ამ იდეას მსგავსი ენთუზიაზმით შეხვდებიან: „ასე რომ, ყველა კარი ღიაა იმისათვის, რომ საუკეთესო პარტნიორობის მისაღწევად საუკეთესო გზას მივაკვლიოთ“.

Road & Track-ის ცნობით, Honda-ს ხელმძღვანელი მართლაც დაინტერესებულია ამ იდეით და აღიარებს, რომ საჯარო გზებისთვის განკუთვნილ ავტომობილზე მუშაობა „სრულიად შესაძლებელია“. ამ იდეის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, ყველაზე ლოგიკური Aston Martin-ის ბრენდის ქვეშ Honda-ს ძრავიანი ავტომობილის შექმნაა, ან სულაც — გამორიცხული არაა, რომ Honda-მ საკუთარი NSX ააღორძინოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები