გაყიდვები, ელექტრომობილები, ბიემვი, ტესლა, ბმვ
Aa
Aa

გერმანელები Tesla-ს თითქმის აღარ ყიდულობენ | რა გახდა ამის მიზეზი?

ამერიკული Tesla თავის, ბერლინში მდებარე, გიგაქარხანაში ათასობით გერმანელს ასაქმებს, თუმცა, როგორც ჩანს, ესეც არაა საკმარისი იმისთვის, რომ Mercedes-ისა და BMW-ის ქვეყანაში EV-ების მწარმოებელმა მომხმარებელთა სიყვარული მოიპოვოს. უახლესი კვლევის თანახმად, გერმანელების უმეტესობა Tesla-ს ელექტრომობილების ყიდვას უბრალოდ არც კი განიხილავს.

გერმანიის ეკონომიკური ინსტიტუტის კვლევის მონაცემებით, გერმანელთა სამი მეოთხედი Tesla-ს ელექტრომობილების ყიდვაზე საერთოდ არ ფიქრობს. უფრო მეტიც, მათი 60% ამის ალბათობას საერთოდ გამორიცხავს, ხოლო 16% ამბობს, რომ დიდი ალბათობით, მომავალში ამას არ გააკეთებს.

ეს ბრენდის მიმზიდველობის უმნიშვნელო რყევა სულაც არაა. რეალურად საქმე მკვეთრ კოლაფსთან გვაქვს, რაც გვეხმარება ნაწილობრივ მაინც ავხსნათ ის ფაქტი, თუ რატომ დაეცა ევროპაში Tesla-ს გაყიდვები გასულ წელს 27%-ით.

Tesla-სთვის საქმე უფრო ცუდადაა იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ, ზოგადად, ელექტრომობილებისადმი ინტერესი პრობლემას არ წარმოადგენს. DW-ის ინფორმაციით, იგივე კვლევა ცხადყოფს, რომ გერმანელების უმეტესობა ელექტრომობილების, განსაკუთრებით კი ადგილობრივი წარმოების EV-ების, შეძენის მიმართ ღიაა.

რეალურად, გერმანიაში გაყიდული ახალი ავტომობილების ერთი მეხუთედი სრულად ელექტროა, ხოლო გამოკითხულთა 40% ამბობს, რომ გერმანული ელექტრომობილის შეძენის წინააღმდეგი არ არის. მკვლევარების თქმით, Tesla-ს პოპულარობის ვარდნაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მისი პოლიტიკური პოზიციები და განცხადებებია.

ბევრი აღნიშნავს იმ ფაქტსაც, რომ Tesla-ს პოპულარობის ასეთი კლება გერმანული ავტომწარმოებლებისთვის „დიდი საჩუქარია“. შედეგად, ადგილობრივ ბრენდებს ბაზარზე უფრო მეტი ადგილი უჩნდებათ საკუთარი ელექტრომობილების ხაზის შესათავაზებლად. მათ შორისაა BMW-ის ახალი iX3, რომელზე მოთხოვნაც იმდენად მაღალია, რომ 2026 წლის მოდელები უკვე წინასწარ ამოიყიდა.

ასევე დაგაინტერესებთ: BMW iX3-ზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ 2026 წლის მოდელები წინასწარ ამოიყიდა

ეს ერთგვარი შეხსენებაა იმის, რომ მომხმარებლები ელექტრომობილების ეპოქაში ავტომობილის შესაძლებლობებს — მათ შორის, პროგრამულ უზრუნველყოფასა და დამუხტვის სისწრაფეს — დიდ ყურადღებას აქცევენ, თუმცა ისიც აინტერესებთ, თუ რა ხდება უბრალო ემბლემების უკან. მაგრამ, შესაძლოა, თავად Tesla-სთვის ეს თავის ტკივილი სულაც არ იყოს, რადგან კომპანია, თავის ხელმძღვანელთან ერთად, ახლა თითქმის სრულად რობოტებისა და რობოტაქსების განვითარებაზეა გადასული.

ფოტოს წყარო: Carscoops

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები