Xiaomi SU7-ის გამძლეობის ტესტი | 265 000 კილომეტრი 16 თვეში
ელექტრომობილების ჩინური მწარმოებლის, Xiaomi-ს ელექტრომობილი SU7 ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. თუმცა, ერთ-ერთმა მფლობელმა Xiaomi-ს ელექტროსედანის გამძლეობა უკვე გამოსცადა და გასაოცარი შედეგიც დააფიქსირა. ავტომობილმა 265,757 კილომეტრი სულ რაღაც 476 დღეში (16 თვეში) დაფარა, რაც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უძლებს SU7 მსგავს ინტენსიურ გამოყენებას.

საუბარია Aqua Blue SU7 Pro-ზე, რომელიც ჩინელ მომხმარებელს, ვინმე მისტერ ფენგს ეკუთვნის. ეს, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი მანძილია, რომელიც ამ დრომდე SU7-ის ელექტროსედანს გაუვლია. საერთო ჯამში, 16 თვის განმავლობაში ავტომობილმა 265,000 კილომეტრზე მეტი დაფარა, რაც ნიშნავს, რომ დღიურად საშუალოდ 600 კილომეტრს ფარავდა.
მსგავსი მაღალი გარბენის შემდეგ, ბუნებრივია, პირველ რიგში ყველა ელექტრომობილის აკუმულატორის (ბატარეის) მდგომარეობით დაინტერესდება. Xiaomi-ს ოფიციალური სერვისცენტრის თანახმად, ინტენსიური გამოყენების მიუხედავად, CATL-ის 94.3 კვტ/სთ სიმძლავრის ლითიუმ-რკინა-ფოსფატის (Shenxing) აკუმულატორმა თავდაპირველი ტევადობის 94.5% შეინარჩუნა.

შედარებისთვის, Carnewschina აღნიშნავს, რომ Tesla Model 3 Long Range-ს რვაწლიანი გარანტია აქვს დაახლოებით 193,000 კილომეტრზე. ამ მანძილის დაფარვის შემდეგ კომპანია აკუმულატორის სიცოცხლისუნარიანობის მინიმუმ 70%-იან ნიშნულზე შენარჩუნების პირობას იძლევა.
თუმცა, Xiaomi-ს შემთხვევაში საქმე მხოლოდ აკუმულატორში არაა. მფლობელის მტკიცებით, მას ავტომობილზე სამუხრუჭე ხუნდების შეცვლაც კი არასდროს დასჭირვებია. ეს ჩინური ელექტროსედანის რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემის ეფექტიანობის დასტურია.

ცნობისთვის, SU7-ის ელექტროსედანის Pro ვერსია უკანა მხარეს დამონტაჟებული ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 295 ცხენის ძალასა და 400 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. 94.3 კვტ/სთ აკუმულატორი კი, ერთი დამუხტვით, 830 კილომეტრის (CLTC ციკლით) დაფარვის საშუალებას იძლევა.
მისტერ ფენგის Xiaomi-მ ბოლო 16 თვის განმავლობაში სავარაუდოდ 47,800 კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა. ეს 94.3 კვტ/სთ აკუმულატორის დაახლოებით 506-ჯერ სრულად დამუხტვის ტოლია. თავად მფლობელის შეფასებით, ელექტროსედანის არჩევით მან შიდაწვისძრავიან (ICE) ავტომობილთან შედარებით მხოლოდ საწვავის ხარჯებში 14,400 აშშ დოლარი დაზოგა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთში Xiaomi SU7 Pro-ს საწყისი ფასი $35,400-ია.