აუქციონი, ნისანი, ნისან სქაილაინი ჯითი-არი, ნისმო, ჯითი-არ ნისმო 400 ერი
Aa
Aa

აუქციონზე უიშვიათესი GT-R NISMO 400R მილიონ დოლარად იყიდება

სურათებზე GT-R NISMO 400R-ს ხედავთ — მოდელს, რომელიც Nissan-ს 100 ერთეულად უნდა გამოეშვა, თუმცა სულ 44 ააწყო. შესაბამისად, ამ უიშვიათეს იაპონურ სპორტქარს აუქციონებზე ხშირად ვერ ვხედავთ და როცა ასეთი შემთხვევა დგება, საქმე ძალიან დიდ თანხებთან გვაქვს. 

კონკრეტულად ფოტოებზე გამოსახული მოდელის შესაძენად Broad Arrow-ს აუქციონზე მსურველს, დაახლოებით, 1 მილიონ დოლართან გამომშვიდობება მოუწევს.


დიახ, 1996 წლის Skyline-ის ამ იშვიათი გამოშვების საწყისი ფასი 900 000$ იქნება — გარკვეულწილად, ეს ოდომეტრზე გამოსახული ციფრის დამსახურებაცაა — ალბათ, ძალიან გაგიჭირდებათ, იპოვოთ 400R, რომელსაც, სულ რაღაც, 16 250 კილომეტრი აქვს გავლილი.

სკაილაინის RB26 ძრავა ამ მოდელისთვის REINIK-მა გადააკეთა, გაადიდა 2.8-ლიტრამდე და ორი N1 ტურბოკომპრესორით აღჭურვა. ძრავას დაემატა ნაჭედი დეტალები, ტიტანის გამოსაბოლქვი სისტემა და სხვა განახლებები — შესაბამისად, 276ცხ.ძ-დან, ავტომობილის სიმძლავრე 400 ცხ.ძ-მდე გაიზარდა.

იაპონელებს ავტომობილების გადაკეთება და მონსტრებად ქცევა ძალიან უყვართ — ამ ფაქტს ჩვენ წარსულში ვიდეოც მივუძღვენით:

სრულამძრავიანობა, საჭის მექანიზმი ოთხი თვლის მართვით, Bilstein-ის დაკიდება, გაუმჯობესებული მუხრუჭები და ნახშირბადისა და კევლარის კაპოტი — ამ დეტალებმა 400R მის საფუძველში მყოფ V-Spec-ს საგრძნობლად დააშორა. 100კმ/სთ-მდე ლეგენდარული მოდელი 4 წამში ჩქარდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ს შეადგენს.


ერთი სიტყვით, ის ვინც ამ მანქანას დაეპატრონება, ხელში იაპონური ავტომშენებლობის ნამდვილ მარგალიტს ჩაიგდებს. 

მსგავსი სიახლეები