საწვავის კრიზისი, კუბა, საწვავის დეფიციტი, სამხრეთ ამერიკა
Aa
Aa

კუბაში მძღოლებს საწვავის მისაღებად რამდენიმეთვიანი ლოდინი უწევთ

კუბაში მძღოლობა საუკეთესო გამოცდილება დიდი ხანია, აღარ არის, თუმცა ახლა კუბელი მძღოლების ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა — აშშ-ის მიერ წარმოებული სანავთობო ბლოკადის გამო საწვავის მიწოდება ძალიანაა შემცირებული და მის მისაღებად ადგილობრივებს რამდენიმეთვიანი ლოდინი უწევთ. 

Associated Press-ის ცნობით კარიბული ქვეყნის მთავრობამ შეზღუდვები შემოიღო და მძღოლებს აიძულებს, გადმოწერონ აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც საწვავს მიიღებენ. კუბელებისთვის საუბედუროდ, უახლოესი დასაჯავშნი თარიღი რამდენიმე თვის შემდეგაა თავისუფალი... 

გამოცემა ერთ-ერთ მოქალაქეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ჰავანაში მდებარე ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის საწვავის რიგში 7000-ზე შორს არის... სადგური დღეში 50 მძღოლს ემსახურება, შესაბამისად ლოდინი ძალიან ხანგრძლივი იქნება. 


ქვეყანაში ონლაინ ჯგუფებიც შეიქმნა, რომლებიც მძღოლებს საწვავის მიღებაში ეხმარებიან — შესაბამისად, ზოგი ბენზინგასამართი სადგური დღეში 90 შეკვეთის დაკმაყოფილებასაც ახერხებს. სამწუხაროდ, მხოლოდ 1 სადგურზე დარეგისტრირება შეგიძლიათ, სადაც, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ თქვენ წინ რიგში 10 000 ადამიანია. 

როცა ასი წლის შემდეგ მძღოლის რიგი მოვა, შეზღუდულია მისაღები საწვავის რაოდენობაც — ერთი ადამიანი 20 ლიტრზე მეტ ბენზინს ვერ იყიდის... ეს ძალიან მცირე რაოდენობაა, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ ხელახლა შევსებას კიდევ რამდენიმე კვირა (ან თვე) დასჭირდება. 


ცხადია, პარალელურად მუშაობს შავი ბაზარიც, რომელზეც ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 6$-ს აღწევს, როცა კანონიერ ბენზინგასამართ სადგურებზე ფასი 1.3$-ია. შავი ბაზარი ელიტებისთვისაა განკუთვნილი, რადგან საშუალო თვიური შემოსავალი საჯარო მოხელისთვის კუნძულზე 20$-ზე ნაკლებია.

რატომ შეჩერდა საწვავის მიწოდება?

კუბის უკანასკნელი კრიზისი ვენესუელის პრეზიდენტის დაკავება უკავშირდება — ქვეყანას ნავთობით სწორედ ვენესუელა ამარაგებდა, თუმცა ახლა ეს მიწოდება შეჩერდა. დამატებით, აშშ-ის პრეზიდენტი ტარიფებით დაემუქრა ქვეყნებს, რომლებიც კუბას საწვავით მოამარაგებენ.

კუბის ვიცე-პრემიერის განცხადებით, მთავრობა საწვავის არსებული მარაგის ისე განაწილებას ცდილობს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისები — მაგალითად, წყალმომარაგება — უცვლელად შენარჩუნდეს. შემცირებულია კომუნალური სერვისების მუშაობაც, რაც ქალაქის ქუჩების ნაგვით გავსებას იწვევს. 

ქვეყნის პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებთან დიალოგის სურვილი გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ქვეყნის სუვერენიტეტის სრული პატივისცემით, ორ თანაბარ ქვეყანას შორის უნდა შედგეს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები